Thumbnail

დღის პირველ მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. მიუხედავად ჯგუფურ ეტაპზე უფერული თამაშისა, ლუის ენრიკეს გუნდი ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა ხორვატიის ნაკრების დამარცხება ადვილი არ იქნება - ამ გუნდს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჯგუფში აჩვენა.

"პარკენზე" ხორვატიის ნაკრებს მხარს რამდენიმე ათასი ფანი დაუჭერს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბალკანელებს ტრიბუნებზე ქომაგები ეყოლებათ.

ამ სიახლემ ზლატკო დალიჩის გუნდში პერიშიჩის კოვიდით დაინფიცირებისგან გამოწვეული უარყოფითი განწყობა საგრძნობლად გამოასწორა. ამას ხელი ხორვატულმა პრესამაც შეუწყო. "გამარჯვებისთვის!!! ივან პერიშიჩისთვის!!!" - ასეთი ჰედლაინით გამოვიდა წამყვანი ხორვატული გამოცემა "სპორტსკე ნოვოსტი".

პარალელურად, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა წამყვანი ესპანური გამოცემა "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: "შექმნილ ვითარებაში ლუკა მოდრიჩს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მჯერა, რომ ჩვენი კაპიტანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს, რაც ჩვენი გამარჯვების წინაპირობა გახდება". 

გუნდისთვის მოტივაციის ამაღლების მცდელობები ესპანელებსაც აქვთ. იმავე "მარკამ" შუკერს გაახსენა, რომ 1996 წელს მას დანიის ნაკრების კარში უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს გატანილი, რითაც დანიელების ხორვატებისადმი არცთუ კარგ ამოკიდებულებაზე მიანიშნა და იქვე დელიკატურად შეახსენა, რომ მისი თანამემამულეების მეტოქე თვით ესპანეთის ნაკრები იქნება.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

სლოვაკეთის ნაკრების განადგურებამ, ლუის ენრიკეს მისამართით არსებული კრიტიკა ოდნავ შეამცირა. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კი კოკემ ჟურნალისტებისთვის იმის ახსნა სცადა, რაოდენ რთულია ასეთ ტურნირებზე, თუნდაც ერთი თამაშის მოგება.

"ევროპის ჩემპიონატი ის ტურნირია, სადაც ყველა გუნდი მხოლოდ გამარჯვებაზეა ორიენტირებული. აქ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიც სატურნირო სტრატეგიაა. პლეი ოფის ეტაპები ერთი მატჩისგან შედგება. ჩათვალეთ, რომ გუნდი, რომელიც საბოლოოდ გაიმარჯვებს, მინიმუმ ოთხ ფინალურ მატჩს იგებს". - განაცხადა კოკემ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს მეცხრედ ხვდებიან. აქედან ოთხჯერ ესპანელებმა მოიგეს, სამჯერ კი ხორვატებმა.

⚽ 2018 წელს, ესპანელებთან ერთა ლიგაზე განცდილი მარცხი (0:6), ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა, რომელიც ხორვატიის ნაკრებს ოდესმე განუცდია.

⚽ ხორვატიის ნაკრებისთვის ეს მეექვსე ევროპის ჩემპიონატია.

⚽ ხორვატიის ნაკრებს "პარკენზე" ორი მატჩი აქვს ჩატარებული - ორივე დანიის ეროვნულ გუნდთან. ბალკანელებმა ერთი წააგეს და ერთში გაიმარჯვეს.

⚽ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ეს გუნდები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ - 2016 წელს. ხორვატებმა ესპანელებს 2:1 მოუგეს.

⚽ მიმდინარე ტურნირზე ესპანეთის ნაკრებს ყველა მატჩი სევილიაში ჰქონდა ჩატარებული.

⚽ კარში დარტყმის (227), ბურთის ფლობისა (70%) და პასის სიზუსტის (91%) მაჩვენებლებით, ლუის ენრიკეს ნაკრები მიმდინარე ტურნირზე საუკეთესოა.

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-3-1-2): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, კალეტა-კარი, ვიდა, გვარდიოლი - მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი - ვლაშიჩი - პეტკოვიჩი, რებიჩი.

ესპანეთი (4-4-3): სიმონი - ასპილიკუეტა, ე. გარსია, ლაპორტი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი, პედრი - სარაბია, მორატა, მორენო. 

კომენტარები

ბოლო ამბები