Thumbnail

დღეს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეულ საფრანგეთსაც ვნახავთ.

ფრანგებს ადვილი თამაშები არც აქამდე ჰქონდათ - მართალია, უნგრეთსა (1:1) და პორტუგალიას (2:2) ვერ მოუგეს, მაგრამ რაც მთავარია, ე.წ. სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. დიდიე დეშამის გუნდის მეტოქე ბუქარესტში შვეიცარიის ნაკრები იქნება - გუნდი, რომელმაც იტალიის ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მერვედფინალამდე მხოლოდ ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი თურქეთის (3:1) დამარცხება შეძლო (იტალიასთან 0:3, უელსთან 1:1). ასე რომ, დღევანდელ შეხვედრაში როლები ყველასათვის გასაგებადაა გადანაწილებული: საფრანგეთი უპირობო ფავორიტია, შვეიცარია კი - პირიქით.

საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის ნომერ პირველი ფავორიტის სტატუსი 100 პროცენტით ვერ გაამართლა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ყველაზე რთულ ჯგუფში თამაშობდა, სამივე მატჩში იგრძნობოდა, რომ დეშამის გუნდს უფრო მეტის რესურსი აქვს და მომატება შეუძლია. ეს საფრანგეთის ეროვნული გუნდისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელი ნიშანია - ასე იყო 2018 წლის მუნდიალზეც.

მეტი შეუძლია შვეიცარიის ნაკრებსაც - ამ გუნდზე მხოლოდ იტალიასთან 0:3-ით არ უნდა ვიმსჯელოთ. კარში ზომერი, დაცვაში აკანჯი, ნახევარდაცვაში ფროილერი, ჯაკა და შაჩირი, წინ სეფეროვიჩი - ერთ მშვენიერ დღეს შვეიცარიას ნებისმიერი ტოპ-გუნდის გამწარება შეუძლია. თუმცა საფრანგეთი ალბათ მაინც მეტისმეტად ძლიერია იმისათვის, რომ შვეიცარიისგან სიურპრიზებს ველოდოთ. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ ევროპის წინა ჩემპიონატზე ეს გუნდები ჯგუფში ერთად იყვნენ და მაშინ თამაში 0:0 დასრულდა.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

თუკი შვეიცარიელებს რამის იმედი უნდა ჰქონდეთ, მაშინ იმის, რომ საფრანგეთი დაუმარცხებელი გუნდი არ არის და ეს თუნდაც უნგრეთთან შეხვედრაში დამტკიცდა, რომელიც დეშამის გუნდმა მართალია, არ წააგო, მაგრამ ახლოს იყო მარცხთან (1:1). შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თავდაჯერებულები იქნებიან შაჩირი და კომპანია ისეთი სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ, როგორებიც პოგბა, კანტე, გრიზმანი, მბაპე, ბენზემა და დანარჩენები არიან.

ჯგუფური ეტაპის სტატისტიკას თუ შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, საფრანგეთზე (4) ნაკლები გოლი მხოლოდ ინგლისმა გაიტანა (2). ცხადია, აქ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებს ჯგუფში გერმანია და პორტუგალია ჰყავდათ, მაგრამ მაინც: დეშამის გუნდმა 3 თამაშში 3 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის.

საფრანგეთს და შვეიცარიას ერთმანეთის წინააღმდეგ 33 მატჩი აქვთ ჩატარებული და ბალანსი იმაზე თანაბარია, ვიდრე წარმოგიდგენიათ: 10 თამაში შვეიცარიამ მოიგო, 13 საფრანგეთმა, 10 კი ფრედ დასრულდა. მათი ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 ფრედ დასრულდა - სამჯერ 0:0 და ერთხელ 1:1.

საინტერესო ფაქტები

⚽ საფრანგეთის ნაკრებს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს ფინეთთან წააგო და ისიც ამხანაგური შეხვედრა.

⚽ საფრანგეთისა და შვეიცარიის დაპირისპირებებში ყველაზე პოპულარული ანგარიშია 0:0.

⚽ საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიას საშუალოდ თამაშში 1,2 გოლს უტანს, ხოლო შვეიცარია საფრანგეთს კი - 0,6 გოლს.

⚽ ამ გუნდების დაპირისპირებებში საშუალოდ 1,8 გოლი გადის - ანუ, 2,5-ზე ნაკლები.

⚽ საფრანგეთის ნაკრებს ზედიზედ 10 თამაშია, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

⚽ ბუქარესტის ეროვნული სტადიონი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩს პირველად უმასპინძლებს.

⚽ შვეიცარიას ამ საუკუნეში საფრანგეთი არ დაუმარცხებია - 4 ფრე, 3 მარცხი.

⚽ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს ზედიზედ მეხუთედ შეუძლია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.

⚽ საფრანგეთის ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში 19-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს, ამხანაგური მატჩების ჩათვლით კი 10-მატჩიანი.

⚽ შვეიცარიის ნაკრები ბოლო 3 დიდ ტურნირს სწორედ მერვედფინალში გამოეთიშა.

⚽ შვეიცარიის ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 8-ში პირველი გოლი საწყის 15 წუთში გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-1-2-1-2): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - კანტე - პოგბა, ტოლისო - გრიზმანი - მბაპე, ბენზემა.
ტრავმა: დემბელე, დინი, ტიურამი, ლემარი, კუნდე

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი - აკანჯი, ელვედი, როდრიგესი - მბაბუ, ფროილერი, ჯაკა, ცუბერი - შაჩირი - ემბოლო, სეფეროვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები