Thumbnail
  • რა დავინახეთ მერვედფინალის პირველ მატჩებში
  • ბელგია მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია
  • ფედერიკო კიეზა ძველი სტილით თამაშობს

ევროპის ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური მატჩებიდან ყველაზე მეტად ბელგიისა და პორტუგალიის დაპირისპირებას ველოდით, თუმცა დიდი ვერაფერი თამაში გამოვიდა - ბურთის ფრთხილი და უხალისო გორება ვნახეთ. ბოლო წუთებში მეტი ემოციაც იყო და გასავარდნად განწირული გუნდის თავგანწირვაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ გუნდებს ასეთი ფეხბურთელებით უფრო მეტი შეეძლოთ.

პორტუგალია ამ ევროზე სუსტი იყო. სახელებით ვარსკვლავური გუნდია, მაგრამ აუტსაიდერივით თამაშობდა. ფერნანდუ სანტუშს ალბათ წასვლა მოუწევს. იგი ედერს, ბებერ კვარეშმას და პორტუგალიური ეშმაკობებით 0:0-სა და პენალტებზე თამაშს უხდებოდა, ამ თაობის გუნდს კი სხვა ხედვა და სხვა მწვრთნელი სჭირდება. სანტუში ისეთი კაცია, საბერძნეთს რომ ჩააბარებ და ყველა თამაშზე გოლის არგასაშვებად გამოვა. მაგალითად არ მითქვამს, სანტუშმა კარიერა სწორედ საბერძნეთში გაიკეთა. წლები მუშაობდა იქ.

კრიშტიანომ და პორტუგალიამ ბელგიას ვერაფერი მოუხერხეს

გულდასაწყვეტი ის იყო, რომ პორტუგალიამ ბელგია ვერ გამოსცადა. ბელგიისგან ვნახეთ კლასი, გამოცდილება და ბურთის კარგად გორაობა, მაგრამ კუთხეში მიყენებული ბელგია ჯერ არ გვინახავს. არადა, მართლა მაინტერესებს, ამ გუნდს რა შეუძლია, მისი მაქსიმუმი რა არის. ბურთის ფრთხილი გორაობით კი ზღვარზე გასვლა და მაქსიმუმი არ გამოდის. ბელგია თანამედროვე ტიპის გრანდია. სწორად თამაში იცის, მაგრამ ფეხბურთის ის მუხტი, სილაღე და არაორდინალურობა არ ჩანს, რომელსაც ქუჩაში ასწავლიან და არა საფეხბურთო აკადემიებში.


სამაგიეროდ, ეს მუხტი და ჟინი ერთ ბიჭს აქვს ზომაზე მეტი. შესაძლოა, ჯერ აზართან და დე ბრუინთან ახლოსაც ვერ მიდის, მაგრამ თავს რომ დახრის, მეტოქის კარისკენ შუბლით მიდის, ამის ყურებას ბოლო 1 წელია არაფერია მირჩევნია. ამ ბიჭს ფედერიკო კიეზა ჰქვია და ამ ბიჭმა იტალიას ძალიან რთული მერვედფინალი მოაგებინა.

NBA-ში ამბობენ, რომ პლეი ოფი იმას კი არ გაჩვენებს, რა შეგიძლია, არამედ იმას, თუ რა არ შეგიძლია. ფეხბურთშიც ალბათ ასეა. ავსტრიასთან პირველივე პლეიოფურმა მატჩმა აჩვენა, იტალიას სად უჭირს და რა არ შეუძლია.

ახალი არაფერი, ეს ყველაფერი ვიცოდით, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ლორენცო ინსინიეს და დომენიკო ბერარდის სტაბილურად, მაღალ დონეზე ისე თამაში რომ შეეძლოთ, რასაც ჯგუფში თურქეთთან და შვეიცარიასთან აკეთებდნენ, მაშინ ნაპოლიში და სასუოლოში კი არა, ბარსელონაში და იუვენტუსში იქნებოდნენ. ბერარდი უფერული იყო, ინსინიე წვალობდა და კლასი არ ყოფნიდა. დავრწმუნდით იმაშიც, რომ იტალიას ხეირიანი ცენტრფორვარდი საერთოდ არ ჰყავს და ჩირო იმობილე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კლასი ვერატის და ჟორჟინიოს ჰქონდათ. პლეი ოფშიც ჩვეულ დონეზე ითამაშეს.

ამ დროს გამოჩნდა კიეზა და გააკეთა ის, რასაც იუვენტუსში მთელი სეზონი აკეთებდა: კრიზისულ გუნდს მუხტი, ემოცია და ენერგია მისცა.

იტალია კიეზას გოლს ზეიმობს

გულშემატკივარი ასაკს მაშინ გრძნობ, როცა ‘ჩემს თაობაში ასე და ისე იყო’ ლაპარაკს იწყებ და ის ‘ძველი’, შენი ფეხბურთი გენატრება. კიეზაც ახალ თაობაში ალბათ ამიტომ არის ჩემი საყვარელი მოთამაშე. რაღაც ძველებური და ნაღდი აქვს. შეიძლება, მომენტებში კლასი და დახვეწილობა აკლია, მაგრამ ნაღდი რაღაცები იცის.

იცის, მეტოქეზე წასვლა და იცის დარტყმა მაშინ, როგორც კი კარს ხედავს. ბურთის გორაობას ეს ნამდვილად მირჩევნია. თითქოს ქუჩის ფეხბურთიდან წამოსული ჟინი და სითავხედე აქვს. რაღაცნაირი ბავშვური ემოციით თამაშობს. ალბათ ხასიათია, თორემ კიეზას ფეხბურთი ქუჩაში ნამდვილად არ უსწავლია.

მოკლედ, კიეზას გოლი ძალიან გამიხარდა. წინ იტალია-ბელგიაა. წესით, დიდი თამაში უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები