Thumbnail

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებში არ მოიაზრებოდა, მაგრამ მერვედფინალში ჩეხეთთან მარცხი მაინც მოულოდნელი და სენსაციური ამბავია!

ჩეხებმა გადამწყვეტი უპირატესობა მატეის დე ლიხტის გაძევების შემდეგ მოიპოვეს, ფრანკ დე ბურის გუნდი 2:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში დანიას შეხვდებიან (მომავალ შაბათს, ბაქოში). 

“ნამდვილად სიგიჟეა ის, რომ მეოთხედფინალში გავედით. არავინ ფიქრობდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასე შორს გავიდოდით. დაუჯერებლად ბედნიერები ვართ, - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხების ბომბარდირმა პატრიკ შიკმა, - შესაძლოა, ჩვენ არ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ნიდერლანდელებს ჰყავთ, მაგრამ გუნდური სულისკვეთება გვაქვს. სწორედ ეს იყო დღეს ჩვენი წარმატების მიზეზი. ლომებივით ვიბრძოლეთ!“

ნიდერლანდების კაპიტანი ჟორჟინიო ვეინალდუმი კი უკიდურესად იმედგაცრუებული გახლდათ: “გაჩუქებული გოლები, გამოუყენებელი მომენტები - ყველაფერი თავში მიტრიალებს. ზედმეტად ცოტა გავაკეთეთ მოსაგებად. ვიცი, რომ ტურნირის მსვლელობისას გულშემატკივრები მოგვემატა და ჩვენს ქვეყანაში ქომაგები მომხდარს ახლა ძალიან განიცდიან. წაგება ძალიან მტკივნეულია, ეს ურთულესი და უმძიმესი მომენტია.”

“ის, რაც ჩეხეთთან მატჩში მოხდა, დიდი დარტყმაა. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. რთული მომენტია, თუმცა ეს რეალობაა. სირცხვილია, რომ სახლში ასე ადრე უნდა წავიდეთ. ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, დღეს კი ცუდი დღე გვქონდა,” - ეს დენზელ დუმფრისის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები