Thumbnail

საფრანგეთის ნაკრებს შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში სამი ფეხბურთელი დააკლდება - დიდიე დეშამი ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მცველებს, ჟიულ კუნდესა და ლუკა დინის, ასევე თავდამსხმელ მარკუს ტიურამს ვერ გამოიყენებს. დანაკლისის შესახებ ინფორმაცია დეშამმა თვითონ დაადასტურა.

ფრანგების მწვრთნელის თქმით, სამაგიეროდ, შესაძლოა, ლუკა ერნანდესმა ითამაშოს, რომელსაც ბოლოს ტრავმა აწუხებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას დაცვის ხაზის რადიკალურად გადაწყობა არ მოუწევს. თუკი ერნანდესი ვერ ითამაშებდა, დეშამი 3-მცველიან ტაქტიკით თამაშზე დაფიქრდებოდა.

“შვეიცარიის ნაკრები ძალიან ძლიერია, მე მათ დიდ პატივს ვცემ, - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, - ამ შეხვედრის მოგება ადვილი არ იქნება. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში იოლი თამაში არავის ექნება. შეხედეთ თუნდაც იტალიის ნაკრებს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სავარაუდოდ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, მერვედფინალში კი ავსტრიასთან ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ დამატებით დროში მოიგო.”

დეშამმა ისიც თქვა, რომ შვეიცარიასთან მატჩი, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება, საფრანგეთისთვის ფინალივით უნდა იყოს: “ჩვენ ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. ერთადერთი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.”

“ევროპის ჩემპიონატი მერვედფინალიდან სხვანაირი ხდება, ფაქტობრივად ახალი ტურნირი იწყება. თავგანწირვით უნდა ვითამაშოთ და ყველაფერი გავიღოთ გამარჯვებისთვის,” - ეს საფრანგეთის ნაკრების მეკარისა და კაპიტნის, უგო ლორისის სიტყვებია.

საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდების მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები