Thumbnail

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველი სენსაცია მოახდინა და მერვედფინალში ნიდერლანდების დამარცხება მოახერხა. "ნარინჯისფრები" ცენტრალურმა მცველმა მატიის დე ლიხტმა დაღუპა, რომელმაც მე-2 ტაიმის სტარტიდან მალევე წითელი ბარათი მიიღო და მეტობაში დარჩენილმა ჩეხებმა უპირატესობა კარგად გამოიყენეს.

ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე გამართული პირველი ტაიმი მომენტებით მდიდარი ნამდვილად არ ყოფილა. ნიდერლანდები პირველ ნომრად თამაშობდა და თითქოს, მომატებაც შეეძლო, თუმცა, წინ დიდი ძალებით წასვლას ერიდებოდა. ამიტომაც, ბევრი იყო პასი უკან და “ნარინჯისფერთა” გოლკიპერი მაარტენ სტეკელენბურგიც ბურთს არაერთხელ შეეხო.

ფრანკ დე ბურის შეგირდები ფლანგებს აქტიურად იყენებდნენ და თუკი ჩეხების კართან რაიმე შეიქმნა, სწორედ საჯარიმოში ჩაწოდებებით. ძირითადად, ამ საქმით დენზელ დუმფრისი იყო დაკავებული, თუმცა, მისი პასების შემდეგ, კარში დარტყმა ვერაფრით ხერხდებოდა.

ამ ეპიზოდში დონიელ მალენს აუცილებლად უნდა გაეტანა

ამ ფონზე იაროსლავ სილჰავის შეგირდები იშვიათად, თუმცა, გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. პეტრ შევჩიკის მიერ ფლანგურ ჩაწოდებას თავური ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა მიაყოლა, თუმცა, მცირედით არაზუსტად. აი, ჩეხების მე-2 მომენტი კი 100%-იანი იყო. მათ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ლუკაშ მასოპუსტის პასის შემდეგ, ანტონინ ბარაკი ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ბოლო წამს მატიის დე ლიხტმა დაუფარა.

მე-2 ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და სანახაობამაც იმატა. თავდაპირველად, დონიელ მალენმა ვერ ივარგა, როდესაც სისწრაფის ხარჯზე ტომაშ ვაცლიკთან პირისპირ დარჩა, თუმცა, ძალიან უფანტაზიოდ ითამაშა და ჩეხების მეკარეს ბურთის მოხელთება არ გასჭირვებია.

აი, 55-ე წუთზე მოხდა ამბავი, რომელმაც თამაშის მიმდინარეობა ძირეულად შეცვალა. უხეშად შეცდა ნიდერლანდელთა ცენტრალური მცველი მატიის დე ლიხტი და მეტოქე ფორვარდი პატრიკ შიკი სტეკელენბურგთან ერთი ერთზე რომ არ გასულიყო, ბურთი ხელით შეაჩერა. შეხვედრის რუსმა არბიტრმა სერგეი კარასიოვმა თავდაპირველად მას ყვითელი ბარათი უჩვენა, საქმეში ჩარევის მერე კი, დე ლიხტი გააძევა.

მატიის დე ლიხტმა ნიდერლანდები დააღალატა

ცხადია, ამ ეპიზოდის შემდეგ უპირატესობა ჩეხების მხარეს გადავიდა და მალევე მათ იხეირეს კიდეც. თავდაპირველად, ახლო მანძილიდან ბარაკის დარტყმა დუმფრისმა დაბლოკა, მორიგი ჩაწოდების შემდეგ კი, ნიდერლანდები ვეღარ გადარჩა: 68-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლა ჩეხების ცენტრალურმა მცველმა ტომაშ კალასმა მოიგო, ბურთი მეკარის საჯარიმოსკენ ჩააბრუნა და ასევე თავით ტომაშ ჰოლეშმა გაიტანა – 1:0.

კაცნაკლული ნიდერლანდები ვა-ბანკზე წავიდა და ამან ჩეხებს უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა. იმავე ჰოლეშმა ბურთის ჩაჭრა მოახერხა და საჯარიმოში შიკის მოძებნა არ გასჭირვებია. ამ უკანასკნელმა სტეკელენბურგი მოძრაობაზე დაიჭირა, ახლო კუთხეში დაურტყა და მიმდინარე ევროზე უკვე მე-4 გოლი შეაგდო. ახლა, ჩეხების მთავარი ფორვარდი ტურნირის ბომბარდირ კრიშტიანო რონალდოს ერთი გოლითღა ჩამორჩება.

პატრიკ შიკის ამ გოლმა ნიდერლანდებს ყველა იმედი გადაუწურა

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი მივიღეთ. 3 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ერთმანეთს ჩეხეთისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და ეს უკვე ნიშნავს, რომ ტურნირზე ერთი მოულოდნელი ნახევარფინალისტი გვეყოლება.

TOP - ტომაშ ჰოლეში (ჩეხეთი)

პრაღის სლავიას გარემარბი ტომაშ ჰოლეში ევროპის ჩემპიონატის გასულ მატჩებში დიდად გამორჩეული არ ყოფილა, ნიდერლანდებთან კი შეუჩერებელი იყო და გოლს საგოლე პასი წაამატა. საინტერესოა, რომ ჰოლეშს ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში გოლი არ ჰქონდა გატანილი, დღეს კი, თავი უაღრესად შეხვედრაში გამოიჩინა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი მას გადაეცა.

FLOP - მატიის დე ლიხტი (ნიდერლანდები)

ტურინის იუვენტუსის ცენტრალურ მცველს საშინელი მატჩი ჰქონდა. უხეში შეცდომის გამო წითელი ბარათი მიიღო და ისე გამოვიდა, რომ თამაშის ბედიც მაშინ გადაწყდა. შესაძლოა, ამ ტიტულს დონიელ მალენიც იმსახურებდეს, რომელმაც თანაგუნდელის გაძევებამდე ორიოდ წუთით ადრე, 100%-იანი მომენტი გააცუდა. იქნებ, მას რომ გაეტანა, ნიდერლანდები დაცვაში უფრო დიდი ძალებით ყოფილიყო და დე ლიხტიც გაგდებას გადარჩენილიყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ჩეხეთის ნაკრების ფორვარდმა პატრიკ შიკმა ევროპის ჩემპიონატზე მე-4 გოლი გაიტანა (ჩეხეთს სულ 5 გოლი აქვს) და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს (5) ჩამორჩება. 3-3 გოლი აქვთ აქტივში რომელუ ლუკაკუს (ბელგია), ჟორჟინიო ვეინალდუმს (ნიდერლანდები), რობერტ ლევანდოვსკისა (პოლონეთი) და ემილ ფორსბერგს (შვედეთი). აღსანიშნავია ისიც, რომ შიკს ეროვნულ გუნდში 30 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

📌 ნიდერლანდების ნაკრებმა ჩეხებთან მატჩი ისე დაასრულა, რომ მეტოქის კარისკენ არ დაურტყამს. ფრანკ დე ბურის შეგირდებმა შეტევა 7-ჯერ სცადეს, 5-ჯერ ააცილეს, ორ შემთხვევაში კი ბურთს მცველები გადაეფარნენ. დღევანდლამდე, ნიდერლანდელებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე 88 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და არ ყოფილა შემთხვევა, მინდორი კარში დარტყმის გარეშე დაეტოვებინოს. საინტერესოა, რომ ჩეხებმა 13-ჯერ დაარტყეს და 5 შემთხვევაში კარშიც მოახვედრეს. 

📌 ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფებში 2004 წლის შემდეგ არ მოუგია. მაშინ “ნარინჯისფრებმა” მეოთხედფინალში პენალტების სერიაში შვედებს სძლიეს, ნახევარფინალში კი პორტუგალიასთან წააგეს. ევრო 2008-ზე ნიდერლანდები მეოთხედფინალში რუსეთთან დამარცხდა, ევრო 2012-ზე ჯგუფში ჩარჩა, ევრო 2016-ზე კი საერთოდ ვერ გავიდა.

📌 ნიდერლანდების ნაკრები 21-ე საუკუნეში მეორედ გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს პლეი-ოფის პირველივე წრიდან, მას შემდეგ, რაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო. პირველად ეს ევრო 2008-ზე მოხდა, როდესაც 9 ქულის აღების მერე, “ნარინჯისფრებმა” რუსეთთან დამატებით დროში 1:3 წააგეს.

ნიდერლანდები 0:2 ჩეხეთი

გოლები: 0:1 ჰოლეში (68), 0:2 შიკი (80)

გაძევება: დე ლიხტი (55)

ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგი – ვან აანჰოლტი (81. ბერგჰუისი), ბლინდი (81. ტიმბერი), დე ლიხტი, დე ვრიი, დუმფრისი – დე იონგი, ვეინალდუმი, დე როონი (73. ვეგჰორსტი) – მალენი (57, პრომესი), დეპაი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი – კოუფალი, ჩელუსკა, კალასი, კადერაბეკი – ჰოლეში (86. კრალი), სოუჩეკი – მასოპუსტი (79. იანტკო), ბარაკი (92. სადილეკი), შევჩიკი (85. გლოჟეკი) – შიკი (92. კრმენჩიკი).

კომენტარები

ბოლო ამბები