Thumbnail
  • ქართველი და შოტლანდიელი დღის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში ითამაშებენ
  • უიმბლდონის 2-გზის გამარჯვებულის კომენტარი ნიკოლოზთან შეხვედრამდე

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებაში 24-ე ნომრადაა განთესილი, პირველივე მატჩს ცენტრალურ კორტზე ჩაატარებს. მიზეზი მარტივია, მისი მეტოქე ხომ უიმბლდონის 2-გზის გამარჯვებული და ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი ჩოგბურთელი ენდი მარი იქნება.

განრიგის თანახმად, ორშაბათს, 28 ივნისს, 16:30 საათიდან ცენტრალურ კორტზე პირველები სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი გავლენ, შემდეგ, ქალთა ბადეში ამერიკელი სლოან სტივენსი და ჩეხი პეტრა კვიტოვა ითამაშებენ, დღეს კი, ბასილაშვილი-მარის მატჩი დახურავს.

საინტერესოა, რომ 34 წლის შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა წლეულს მხოლოდ სამ ტურნირზე ითამაშა, ბალახზე კი მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ის მიმდინარე რეიტინგით (119-ე) უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერაფრით მოხვდებოდა, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორთაგან “უაილდ-ქარდი” მიიღო და ეს, მოილოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ენდიმ უიმბლდონის მოგება 2013 წელს შეძლო და გახდა პირველი ბრიტანელი ბოლო 77 წელიწადში, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია. სამი წლის შემდეგ მან ტურნირზე გამარჯვება მეორედაც მოახერხა. გასაკვირი არაა, რომ ახლა ის ძალიან მოტივირებულია:

“ის ატმოსფერო, რომელიც ცენტრალურ კორტზეა, ნამდვილად მომენატრა. მინდა ისევ შევიგრძნო ის წნეხი, რომელსაც იქ გასვლისას ვგრძნობდი ხოლმე. 6-7 წლის წინ ამის ნამდვილად არ მეშინოდა, ახლა, თითქოს მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. როდესაც ბოლო წლებს ვაანალიზებ, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მაკლდა – დიდი აუდიტორიის წინაშე მთავარ კორტზე თამაში. უბრალოდ, მინდა, იქ გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო. გავალ და ყველა ქულისთვის ვიბრძოლებ. თუნდაც მთელი სხეული ამტკივდეს, არა უშავს”. 

ბასილაშვილი მარის კარიერაში პირველად ეთამაშება და თუკი შოტლანდიური ბარიერის დაძლევა მოახერხა, მე-2 რაუნდში უფრო იოლი თამაში უნდა ჰქონდეს, რადგანაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ოსკარ ოტესა (გერმანია) და ფრანგ არტურ რინდერკნეხს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ნიკოლოზის ბადის ნაწილში კიდევ 3 განთესილი ჩოგბურთელია: რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი, მე-8), დენის შაპოვალოვი (კანადა, მე-10) და რეილი ოპელკა (აშშ, 27-ე).

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის უიმბლდონის ღია პირველობა კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2019 წელს კი ბასილაშვილმა ლონდონში მხოლოდ 1 წრის გავლა მოახერხა: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჯეიმს უორდს 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 სძლია, რასაც კიდევ ერთ მასპინძელ დენ ევანსთან მარცხი მოჰყვა - 3:6, 2:6, 6:7 (2:7). მაშინ ნიკა მე-18 ნომრად იყო განთესილი.

კომენტარები

ბოლო ამბები