Thumbnail

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიის ნაკრები უმძიმეს ბრძოლაში, დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. "სკუადრა აძურა" წყვილში აშკარა ფავორიტად განიხილებოდა და ბევრი არ ელოდა, რომ ავსტრია ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა.

თუმცა, ასე არ ყოფილა რობერტო მანჩინისთვის, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ უმძიმეს თამაშს ელოდა, იმაზე უფრო მეტად მძიმესაც კი, ვიდრე მეოთხედფინალში ელოდება.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ადრე თუ გვიან, გოლი უნდა გაგვეტანა და ეს გავაკეთეთ. პირველ ტაიმში ორი შანსი გვქონდა, მეორე ტაიმში ცოტა ფიზიკურად დაღლა დაგვეტყო, ბალახის საფარიც მძიმე იყო. ეს თამაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით მოვიგეთ, რომლებიც თამაშში სწორი მენტალიტეტით ჩაერთვნენ და ყველაფერი გააკეთეს. ახალი ხალხი გვჭირდებოდა, კიეზა და პესინა ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ სხვებიც, რომლებიც შემდეგ შევიდნენ მოედანზე. ვიცოდი, რომ ეს ყველაზე რთული მატჩი იქნებოდა, ალბათ უფრო მეტადაც კი, ვიდრე მეოთხედფინალური თამაში. ევროპის ჩემპიონობა ამ სტადიონზე? გზა ჯერ კიდევ გრძელია, იქამდე 3 თამაშია დარჩენილი. ბელგია თუ პორტუგალია? ორი საოცარი გუნდია. ძნელი სათქმელია, რომლის წინააღმდეგ უფრო რთულია თამაში".

ფედერიკო კიეზა: "მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. როგორია თამაშის სათადარიგო სკამიდან დაწყება? მოედანზე შესვლა გვიან არასდროს არის. ეს მწვრთნელის დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველანი მზად ვართ, ეს არის გუნდი, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის 26 წევრი ჰყავს. გოლის დროს კარგად გავაჩერე ბურთი. რთული თამაში იყო, რადგან ავსტრია არა მხოლოდ ინტენსიური და აგრესიული გუნდია, არამედ შესანიშნავი ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ. მათ კომპლიმენტები დაიმსახურეს, მაგრამ ვიმეორებ - მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით".

ლეონარდო სპინაცოლა: "უბედნიერესი ვარ მომდევნო ეტაპზე გასვლის გამო, ნამდვილად გუნდურად ვითამაშეთ. ბოლო ფაზაში უფრო მშვიდად და მკაფიოდ უნდა გვეთამაშა. თავს ერთად ვიცავდით და ერთად ვიბრძოდით, როცა ეს საჭირო იყო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ვიცოდით, რომ რთული თამაშ იქნებოდა. გუნდში 26 ფეხბურთელია, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია, ვიმეორებ, ყველა ერთ დონეზე ვართ. მნიშვნელოვანია, ვინც თამაშში ერთვება, გუნდს დაეხმაროს. ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ".

ჯანლუიჯი დონარუმა: "ადვილი თამაში არ იყო, არაფერი დავთმეთ, შემდეგ ორი გოლი გავიტანეთ და ყველაფერი შეიცვალა. ასეთი თამაშები ზრდაში გეხმარება. პორტუგალია თუ ბელგია? ვნახოთ, ახლა ამ გამარჯვებით ვტკბებით, შემდეგ კი მეოთხედფინალზე ვიფიქრებთ და გამარჯვების სურვილით ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 1/4-ფინალში 2 ივლისს, ბელგიას ან პორტუგალის შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ "სკუადრა აძურამ" ზედიზედ 31-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, რითაც თავისი რეკორდი დაამყარა. ისევე როგორც რეკორდია იტალიის ნაკრებში მიჯრით 1168 წუთის განმავლობაში კარის მშრალად შენახვა.

კომენტარები

ბოლო ამბები