Thumbnail

ლონდონის "უემბლის" სტადიონზე 1/8 ფინალში ევრო 2020-ის ერთ-ერთი ფავორიტი იტალია ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში, დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრის ყველა გოლი სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მოთამაშეებმა გაიტანეს. რობერტო მანჩინის გუნდი 1/4 ფინალში ბელგიისა და ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის მატჩის (27 ივნისი. სევილია) გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ფრანკო ფოდამ ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა სასტარტოში, რომლითაც უკრაინას 1:0 მოუგო. მანჩინიმ მე-2 ტურის მატჩიდან (მესამეში ექსპერიმნტული 11-ეულით ითამაშა) ორი ფეხბურთელი შეცვალა - აჩერბი ტრავმირებულ კიელინის ნაცვლად და ვერატი - ლოკატელის მაგივრად.

ბახმანმა ბარელას დარტყმული ფეხით მოიგერია

იტალიელებმა თავიდანვე შეუტიეს, მარცხენა ფლანზე აქტიურობდა სპინაცოლა, მომენტები შეექმნათ ინსინიესა და ბარელას. ჩირო იმობილეს ულამაზესი გოლი გაჰქონდა შორი მანძილიდან, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავსტრიელებმა სახიფათო საჯარიმო დაარტყეს, თუმცა დავიდ ალაბამ ბურთი ააცილა დონარუმას კარს. თამაში შედარებით გათანაბრდა, ავსტრიელები უფრო თამამად წავიდნენ წინ და მარკო არნაუტოვიჩმა თავით გაიტანა, მას შემდეგ, რაც ალაბასგან პასი ასევე თავით მიიღო. VAR-ის განხილვის შემდეგ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები 15-15 წუთი.

არნაუტოვიჩის გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა

პირველი დამატებითი ტაიმის პირველ წუთზე სპინაცოლამ შესანიშნავი პასით მოძებნა ფედერიკო კიეზა, რომელმაც დიდებულად ითამაშა და ანგარიში გახსნა. ათ წუთში კვლავ სპინაცოლას წამოწყებული კომბინაცია, აჩერბის პასით და მატეო პესინას გოლით დასრულდა. 

მატეო პესინას გოლი

ჯიჯო დონარუმას მშრალი სერია მაინც შეწყდა, საშა კალაიძიჩმა თავით ვარდნაში მახვილი კუთხიდან გაიტანა იტალიის ნაკრების კარში.

TOP - ლეონარდო სპინაცოლა (იტალია)

ფედერიკო კიეზა იტალიის გმირია, მარკო ვერატიმ კარგად ითამაშა, სანამ გაიყვანდნენ, მაგრამ საუკეთესო სპინაცოლა იყო, რომელსაც "თავის" ფლანგზე მუდმივ ტერორში ჰყავდა ავსტრიელები. გააკეთა მაგარი საგოლე პასი და დაიწყო მეორე გოლის კომბინაცია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ევროზე ავსტრიის მონაწილეობით ბოლო 5 მატჩში პირველად პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

📌 ევროზე ბოლო 18 თამაშში იტალიის ნაკრებმა პირველ ტაიმებში სულ 2 გოლი გაუშვა, ორივე ესპანეთისგან ევრო 2012-ის ფინალში.

📌 სულ მცირემ 1980 წლის მერე პირველად, იტალიის ნაკრებმა ევროზე ტაიმის განმავლობაში ერთხელაც ვერ ჩააწოდა საჯარიმოში.

📌 ევროზე იტალიის ნაკრებს მერვედ დასჭირდა დამატებითი ტაიმები, ყველაზე მეტჯერ კონტინენტზე.

📌 იტალიის ნაკრებმა გოლის გაუშვებლად თამაშის ძველი რეკორდი (1 144 წუთი) დაამხო.

📌 ფედერიკო კიეზამ ევროზე 25 წლისა და 12 დღის მერე გაიტანა, მამის ენრიკეს გოლის შემდეგ.

📌 ავსტრიის ნაკრები იტალიას 1960 წლის მერე ვერ უგებს - ზედიზედ 14 თამაში.

📌 საშა კალაიძიჩმა იტალიის ნაკრების მშრალი სერია 1 168-ე წუთზე შეწყვიტა.

იტალია 2:1 დ.დ. ავსტრია

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, აჩერბი, სპინაცოლა - ბარელა (67. პესინა), ჟორჟინიო, ვერატი (67. ლოკატელი) - ბერარდი (84. კიეზა), იმობილე (84. ბელოტი), ინსინიე (108. კრისტანტე)

ავსტრია (4-2-3-1): ბახმანი - ლაინერი (114. ტრიმელი), დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ალაბა - შლაგერი (106. გრეგორიტში), გრილიტში (106. შაუბი) - ლაიმერი (114. ილზანკერი), ზაბიტცერი, ბაუმგარტნერი (90. შიოპფი) - არნაუტოვიჩი (97. კალაიძიჩი)

კომენტარები

ბოლო ამბები