Thumbnail

ამსტერდამის "იოჰან კრუიფ არენაზე" ევრო 2020-ის პირველი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა - უელსის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა, მატჩი დანიელებმა დიდი ანგარიშით, 4:0 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. შეხვედრის გმირი კი ექსაიაქსელი გოლეადორი კაპსერ დოლბერგი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. დანიის ნაკრები 1/4 ფინალში ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის (27 ივნისი, ბუდაპეშტი) გამარჯვებულს შეხვდება. 

უელსის ნაკრების მწვრთნელმა ბობ პეიჯმა ის 11-ეული დააყენა, რომლითაც ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი დაიწყო. ასე რომ, შემადგენლობაში დაბრუნდნენ კრის მეფამი, ბენ დევისი და კიფერ მური. წინა მატჩისგან განსხვავებით, დანიელთა სასტარტოში ორი ცვლილება განხორციელდა - დანიელ ვასი იენს სტიგერ ლარსენმა შეცვალა, ხოლო იუსუფ პოულსენი - კასპერ დოლბერგმა.

მატჩის წინ უელსელები კვლავ უცნაურად დადგნენ

სწორედ ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა ფორვარდმა შეძლო მისთვის "მშობლიურ" სტადიონზე გატანა - 27-ე წუთზე დამსგაარდის პასის შემდეგ, დოლბერგმა საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი გაიტანა. სასტარტო წუთებს თუ არ ჩავთვლით, დანიელთა უპირატესობა პირველ ტაიმში აშკარა იყო. უელსელთა პრობლემებს კონორ რობერტსის ტრავმაც დაემატა, რომელიც შესაცვლელი გახდა.

კასპერ დოლბერგმა ამსტერდამში კვლავ გაიტანა

მეორე ტაიმი დაიწყო და დოლბერგმაც დუბლი მიითვალა - ბრაიტვაიტის ჩაწოდებას ნეკო უილიამსის შეცდომა მოჰყვა, რომელმაც ბურთი პირდაპირ დოლბერგზე მოიგერია. 23 წლის ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია.

მე-2 ტაიმში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო დანიელთა კაპიტანმა სიმონ კიაერმა. 86-ე წუთზე მარტინ ბრაიტვაიტს შეეძლო დამატებაზე გოლის გატანა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა. სამაგიეროდ, თავისი შანსი გამოიყენა დანიის ნაკრების მცველმა იოაკიმ მეჰლემ, რომელმაც იენსენის პასის შემდეგ გაიტანა. უელსის ნაკრებმა თამაში 10 კაცით დაასრულა - ჰარი უილსონმა გოლის ავტორი მეჰლე უხეშად მოცელა და მსაჯმა ის გააძევა. ბოლოს ბრაიტვაიტმა გაიტანა, თავიდან გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა. 

TOP - კასპერ დოლბერგი (დანია)

ის ტრავმირებულ პოულსენს ცვლიდა, ექს-აიაქსელმა ამსტერდამში ძველი დრო გაიხსენა და დუბლი შეასრულა. მისი პირველი გოლი შორი მანძილიდან ბრწყინვალე იყო.

FLOP - გარეთ ბეილი (უელსი)

სავარაუდოდ, ეს მისი ბოლო მატჩი იყო ნაკრებში - პირველ ტაიმში ბეილს ჰქონდა ერთი მომენტი. სხვა მხრივ, ვერაფერი გააკეთა - მეორე ტაიმში კი აშკარა უხეშობაზე გადავიდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 კასპერ დოლბერგი პირველი დანიელია კიმ ვილფორტის (1992 წ.) შემდეგ, ვინც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გაიტანა.

📌 დანიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 3. 

📌 კასპერ დოლბერგი ნიკლას ბენდტნერის (2012 წ.) შემდეგ პირველი დანიელია, ვინც დიდ ტურნირებზე დუბლი შეასრულა.

📌 დოლბერგი მარიო ბალოტელის მერე (2012 წ.) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ევროს პლეი ოფში დუბლი შეასრულა - 23 წლის და 263 დღის.

📌 1999 წლიდან მოყოლებული დანია უელსს ოფიციალურ მატჩებში ამარცხებს - 4 მოგება 4 თამაშში.

უელსი 0:4 დანია

უელსი (4-2-3-1): უარდი - კ. რობერტსი (40. ნ. უილიამსი), როდონი, მეფამი, დევისი - მორელი (60. უილსონი), ალენი - ჯეიმსი (78. ბრუკსი), რემზი, ბეილი - მური (78. ტ. რობერტსი)

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი (77. ანდერსენი), ვესტერგაარდი - სტიგერ ლარსენი (77. ბოილესენი), ჰოიბერგი, დილეინი (60. იენსენი), მეჰლე - დამსგაარდი (60. ნორგაარდი), დოლბერგი (70. კორნელიუსი), ბრაიტვაიტი

კომენტარები

ბოლო ამბები