Thumbnail

ჩაკვეტაძეს ფეიენოორდთან პენალტი არ დაუდეს - გიორგიმ ტესტმატჩში ითამაშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფეიენოორდი 1:1 გენტი
  • გიორგი ჩაკვეტაძემ კიდევ ერთ ამხანგურ შეხვედრაში ითამაშა
  • 21 წლის ნახევარმცველს როტერდამელებთან გატანა შეეძლო

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც გენტთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, გუნდის კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრაში ითამაშა. გენტი როტერდამში ფეიენოორდს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კი მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

გიორგის გოლი გატანის შანსი მატჩის დასაწყისშივე ჰქონდა, როდესაც თანაგუნდელისგან პასი მიიღო, ისარგებლა მარჯვენა ფლანგზე სივრცის არსებობით და მეტოქის კარს შეუტია. ბოლო მომენტში ფეიენოორდის მეკარემ გამოსვლაზე კარგად ითამაშა და ერთ-ერთზე დარჩენილ ჩაკვეტაძეს გოლი არ გაატანინა. ქართველი ფეხბურთელი პენალტს ამაოდ ითხოვდა.

გენტმაც და ფეიენოორდმაც გოლები მხოლოდ შესვენების შემდეგ გაიტანეს.

გიორგის მწყობრში ყოფნა საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება და საკონტროლო მატჩებში თამაშობს. ცოტა ხნის წინ გიორგიმ სამოყვარულო დიკენფენეს წინააღმდეგ საკონტროლო შეხვედრაშიც (3:2) ერთი ტაიმი ჩაატარა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ბოლო ორი სეზონი კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პრაქტიკულად გაუცდა. გიორგიმ მუხლზე ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა სრულფასოვნად დაბრუნება ვერც ამის შემდეგ შეძლო და 2020/21 წლების სეზონში, ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. ქართველ ნახევარმცველს ოფიციალურ მატჩში შარშანდელი 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტმატჩებში იღებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები