Thumbnail

კიტეიშვილის ასისტები, იებოას სუპერგოლი - შტურმმა მზადება მოგებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შტურმი 6:0 იუნიორსი
  • ოთარ კიტეიშვილმა 45 წუთში 2 საგოლე პასი გააკეთა

ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო ავსტრიულმა შტურმმა, რომელმაც პირველ ტესტმატჩში ავსტრიის მე-2 ლიგის იუნიორსი 6:0 გაანადგურა. ოთარ კიტეიშვილმა მატჩის მე-2 ტაიმი ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა. 

59-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კელვინ იებოა და იტალიელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. 72-ე წუთზე კუთხურის მოწოდების შემდეგ, კიტეიშვილმა საჯარიმოში თავით დაუგდო ბურთი შტიუკლერს, რომელმაც ანგარიში 5:0 გახადა. 

21 წლის კელვინ იებოა, რომელსაც განის და იტალიის მოქალაქეობა აქვს, აფრიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელის, გერმანული ბუნდესლიგის ორგზის ბომბარდირის, ტონი იებოას ძმისშვილია. ამ შეხვედრაში მან დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. 

ოთარ კიტეიშვილს გრაცის შტურმი ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. გასულ სეზონში მან ავსტრიის ბუნდესლიგაში 26 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. "ტრანსფერმარკტი" 25 წლის ქართველ ნახევარმცველს 3 მილიონ ევროდ აფასებს.  

📺 ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასები იუნიორსთან

კომენტარები

ბოლო ამბები