Thumbnail
  • შაბათიდან ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალის მატჩები იწყება
  • პირველი 4 მატჩის ანალიზი და რამდენიმე რჩევა ფსონების დასადებად

დღეიდან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი, ანუ გადამწყვეტი ეტაპი იწყება. გუნდებს უკვე უკეთ ვიცნობთ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლეთ, მათი სათამაშო სტილი ვნახეთ და პლეი ოფების წინ ბევრი რამ გავიგეთ. ეს ყველაფერი ფსონების დასადებად დაგვეხმარება. მეტი მონაცემი მეტ ანალიზს ნიშნავს და მეტი ანალიზი - უკეთ გაკეთებულ ფსონს.

მერვედფინალური მატჩების წინ პოპსპორტი ფეხბურთის მოყვარულებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს, რაც ფსონის დადებისთვის შეიძლება დაგეხმაროთ. ანალიზი ჩვენია, გადაწყვეტილება თქვენი. დღეს პირველი ოთხი მატჩის შესახებ შესახებ დავწერთ.

უელსი V დანია

ერთი შეხედვით, თითქოს თანაბარი წყვილია, თუმცა მაშინ, როცა უელსი წვალობდა, დანიამ გულშემატკივრების გული კარგი ფეხბურთით და გადამწყვეტ თამაშში რუსეთის განადგურებით მოიგო. რას უნდა ველოდოთ ამ თამაშში?

ყურადღებას ერთ სტატისტიკურ დეტალზე გავამახვილებთ: დანიას პირველ ნომრად თამაში მოუწევს, უელსი კი დაცვითი და მძიმე გუნდია, რომელიც თავს ყველაზე უკეთ მეორე ნომრად თამაშის დროს გრძნობს. პირველ ნომრად თამაში ბურთის ფლობას და მეტ შეტევას ნიშნავს. დანია ფლანგებიდან აქტიურად უტევს - თავისი შეტევების 73 პროცენტი სწორედ ფლანგებიდან მიმართა (ცენტრიდან მხოლოდ - 27). განსაკუთრებით აქტიური დანიის მარცხენა ფლანგია, სადაც მეჰლე თამაშობს - ჰოიბერგთან ერთად თავისი საშუალო შეფასებით საუკეთესოა დანიის ნაკრებში.

ფლანგიდან შეტევის აუცილებლობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ კრისტიან ერიკსენის არყოფნაში, დანიას მოედნის ცენტრში მთავარი გამთამაშებელი აკლია. ფლანგიდან შეტევა მეტ კუთხურს ნიშნავს. მით უმეტეს, უელსის წინააღმდეგ, რომელიც თავით დაცვაში კარგად თამაშობს და ბურთის მოგერიების დროს მას კუთხურზე იოლად აგდებს.

ამ ვარაუდს სტატისტიკაც ადასტურებს. დანიამ ორივე მატჩში, როცა ფავორიტი იყო, მეტოქეზე ბევრად მეტი კუთხური მოაწოდა - ფინეთთან კუთხურების სტატისტიკა 7:1-ზე იყო, რუსეთთან კი - 9:0-ზე. ბელგიას, რომელსაც მთელი ტაიმი უგებდა და დაცვაში დგომა მოუწია, მხოლოდ 2 კუთხურით ჩამორჩა - 2:4. ანუ, როცა დანია პირველი ნომერია ბევრ კუთხურს აწვდის.

უელსი პირიქითაა. მის მთავარ შემტევებს, გარეთ ბეილს და აარონ რემზის ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ უყვართ შეწევა. განსაკუთრებით ეს ბეილის შემთხვევაში ხდება ხშირად. სამაგიეროდ, დაცვაში უელსი ბურთს ძალიან იოლად იგერიებს კუთხურზე, აქვს რა თავისი სიმაღლის და გაბარიტების იმედი. სამ თამაშში უელსის კართან მეტოქეებმა 29 კუთხური მოაწოდეს, უელსი კი ამ კომპონენტში სამივე მეტოქეს ჩამორჩა (მათ შორის ძალიან ცუდ თურქეთის ნაკრებსაც) და მხოლოდ 12 კუთხური მოაწოდა.

ყველაზე ახლოს დანიასთან თამაშს, უელსის პირველი შეხვედრა ჰგავს შვეიცარიასთან. დაახლოებით იგივე ძალთა ბალანსია. იმ თამაშში კუთხურები 4:12-ზე იყო. მოკლედ, დანია მეტოქეზე მეტ კუთხურს მოაწვდის, შეიძლება ჰანდიკაპით მეტიც მოაწოდოს. კუთხურების მოწოდების საჭიროება რომ არ ჰქონდეს, ერთადერთი მეტოქეს ისე იოლად არ უნდა მოუგოს, რომ დასაწყისშივე წინ გავიდეს და შეტევის აუცილებლობა არ ჰქონდეს. არც უელსია ისე სუსტი და არც დანია ისე ძლიერი, რომ უბრძოლველად მოგება გამოვიდეს.

📌 ჩვენი ფსონი: დანია უელსზე მეტ კუთხურს მოაწვდის.

იტალია V ავსტრია

ერთი შეხედვით, ეს ყველაზე იოლი წყვილია. იტალია აშკარა ფავორიტია და ავსტრია მხოლოდ იმიტომ გავიდა ჯგუფიდან, რომ იქ ჩრდილოეთ მაკედონია და ფორმაში არმყოფი უკრაინა ჰყავდა. ბევრი რომ არ გავართულოთ: იტალიამ უნდა მოიგოს. ამ ფსონს ფეხბურთის სიღრმისეული ცოდნა და დეტალური სტატისტიკა არ სჭირდება. მანჩინის უბრალოდ უკეთესი გუნდი ჰყავს. არც ის მჯერა, რომ ავსტრია, მაგალითად, შვეიცარიაზე ძლიერია, რომელსაც იტალიამ, იოლად, ფაქტობრივად ერთ ტაიმში მოუგო.

მით უმეტეს, რომ ავსტრია პრესინგის მეშვეობით თამაშობს და დაცვაში დგომა ნაკლებად ეხერხება. პრესინგი კიდევ კარგი იდეა არ არის, როცა მეტოქეს შეტევის დაწყებით ფაზაში ჟორჟინიო და ვერატი ჰყავს.

ცოტა ექსტრემალური ფსონების მოყვარულებს კარში დარტყმები შეგვიძლია შევთავაზოთ. ამ იტალიას ჰყავს ინსინიე და ბერარდი - ორი მოთამაშე, რომლებსაც ფლანგიდან შემოწევა და კარში დარტყმა ძალიან უყვართ. თურქეთთან იტალიამ მეტოქის კარში 8-ჯერ დაარტყა, ხოლო უელსთან კი - 6-ჯერ. შვეიცარიასთან მხოლოდ 3 დარტყმა იყო და ესეც იმიტომ, რომ იტალია ანგარიშში თავიდანვე წინ გავიდა. ვფიქრობთ, რომ იტალია ავსტრიასთან კარში 5.5-ზე მეტჯერ დაარტყამს.

ერთი სტატისტიკური მონაცემიც ამ ვერსიის გასამყარებლად: იტალია ამ ჩემპიონატზე მეტოქის კარში და კარისკენ ყველაზე ხშირად ურტყამდა. მანჩინის გუნდს სამ თამაშში 60 დარტყმა მოუგროვდა. ანუ თამაშში 20 დარტყმა და მათი მხოლოდ მესამედიც კი რომ ზუსტი აღმოჩნდეს, იტალიას მაინც 5.5-ზე მეტი დარტყმა გამოუვა მეტოქის კარში.

ერთი დეტალიც: ეს იტალია ახალგაზრდული გუნდია და პირველ პლეი ოფს თამაშობს. იცით, როგორ იქცევიან უფრო ემოციური გუნდები - კარში პირველივე შესაძლო სიტუაციის დროს ურტყამენ, მაშინ, როცა გამოცდილი გუნდები ბურთს უფრო დიდხანს ათამაშებენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან.

📌 ჩვენი ფსონები: იტალია მოიგებს/გავა. იტალია კარში 5.5-ზე მეტჯერ დაარტყამს.

ნიდერლანდები V ჩეხეთი

ნიდერლანდების ნაკრები ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი გუნდია. ამ გუნდს ძალიან კარგი პრესინგი აქვს და 160 პრესინგ-მოქმედებით საუკეთესოა ამ ევროზე. 

ჩეხეთი მერვედფინალში გავიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დამაჯერებლი იყო. პატრიკ შიკის დუბლით მოგება უსახურ შოტლანდიასთან, ფრე ხორვატიასთან, რომელიც ოპტიმალურ კონდიციაში აშკარად არ არის და მარცხი ინგლისთან. შიკი ჩეხეთის მთავარი იმედი და ოპციაა შეტევაში. ამ გუნდის შემტევ პოტენციალზე დასკვნა რომ გავაკეთოთ, მარტივი დეტალი: ჩეხეთი და უელსი ყველაზე იშვიათად მიდიოდნენ დრიბლინგში და ატყუებდნენ მოწინააღმდეგებს. ჩეხეთს სამ თამაშში ეს მხოლოდ 26-ჯერ გამოუვიდა.

ჩეხებს სულ სამი გოლი აქვთ გატანილი - ერთი სტანდარტი, ერთი პენალტი და ერთი ცენტრიდან. შიკს მატეის დე ლიხტი დაუდგება, რომელიც მას არც გაბარიტებით და არც თავით თამაშის უნარით არ ჩამოუვარდება. მოკლედ, ჩვენი ფსონია, რომ ნიდერლანდები მოიგებს. შეგიძლიათ, ნიდერლანდების პირდაპირ მოგება, ან გასვლა აირჩიოთ - გააჩნია, რა ტიპის კოეფიციენტს და ფსონს აკეთებთ. ნიდერლანდების ნაკრები თამაშით უფრო ფავორიტია, ვიდრე ბუქმეიქერები მასში ფსონს იხდიან.

📌 ჩვენი ფსონი: ნიდერლანდები მოიგებს/გავა.

პორტუგალია - ბელგია

პირველი ორი სათამაშო დღის მთავარ შეხვედრაში პორტუგალია და ბელგია ხვდებიან ერთმანეთს. მძიმე და რთულად პროგნოზირებადი თამაში უნდა იყოს. ჩვენ ერთ დეტალზე გაგამახვილებინებთ ყურადღებას: ორივე გუნდს ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს - ერთ მხარეს კრიშტიანო, ბრუნო და ბერნარდო, მეორე მხარეს კი - ლუკაკუ, აზარი, დე ბრუინი და ფერეირა-კარასკო.

ზოგადად, მძიმე თამაში დაცვიდან პორტუგალიელების საყვარელი სტილია. პლეი ოფში მათ ასე თამაში ეხერხებათ. ამ ტიპის თამაში ბევრ ჯარიმასაც გულისხმობს. მით უმეტეს, როცა ორივე გუნდში ისეთი ინდივიდუალისტები არიან, რომელთაც დრიბლინგში, მეტოქის მოტყუებაზე წასვლა ძალიან უყვართ, რაც პოტენციურ ჯარიმებს ნიშნავს. ასე თამაშობენ აზარი და კარასკო, თავისი ფიზიკური ძალის გამო მუდამ ჯარიმებს აგროვებს ლუკაკუ. ჯარიმების აღება უყვარს ასევე როგორც კრიშტიანოს, ისე ბერნარდო სილვასაც. მით უმეტეს, რომ ბელგიას დიდი ალბათობით ბურთი ექნება და მათ მძიმე მცველებს (ალდერვეირელდი, ვერტონგენი) სივრცეში კონტრშეტევების დროს პორტუგალიის შემტევების გასაჩერებლად კვლავ და კვლავ ჯარიმების აღება მოუწევთ.

ზოგადად, ჯარიმის აღება პორტუგალიას ძალიან უყვარს, მით უმეტეს, მაშინ, როცა მეორე ნომრად თამაშობს და ტემპის დასაგდებად ბევრი ჯარიმა კარგი საშუალებაა. ვერც იმას დავიჯერებ, რომ დანილო და ვილიამ კარვალიო მოედნის ცენტრში დე ბრუინთან ჯენტლმენურად ითამაშებენ და არც პეპე-ლუკაკუს დუელში ‘ფეარ პლეის’ მჯერა.

პორტუგალია-უნგრეთში საერთოდაც 25 ჯარიმა იყო, საფრანგეთთან თამაშში - 24. გერმანიასთან შეხვედრაში - 20, თუმცა ეს უფრო გერმანელთა სტილით არის გაპირობებული, ვიდრე პორტუგალიის. მეტ ჯარიმებს უნდა ველოდოთ - 23-ზე მეტი ჯარიმა კარგი ფსონია.

📌 ჩვენი ფსონი: თამაშში 23 ჯარიმაზე მეტი დაფიქსირდება.

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი აღებულია უეფას ოფიციალური საიტიდან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები