Thumbnail

სენსაციური ამბავი იტალიიდან: ბუფონს სხვა გრანდი ეპატიჟება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონის მომავალი გარკვეულია?
  • გაძეტა დელო სპორტი: ჯიჯის საფრანგეთში ეპატიჟებიან!
  • გადავა ლეგენდა პარი სენ-ჟერმენში?
  • "გარდიანის" ინფორმაციით, 40 წლის იტალიელისთვის ლივერპულიც იბრძვის

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, წლის ერთ-ერთი უმთავრესი გარიგება იქნება! 

ხუთშაბათს, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ტურინის იუვენტუსში შაბათს უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. 40 წლის ლეგენდარულმა მეკარემ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს და ბოლო დღეებში არაერთი ძალიან საინტერესო შეთავაზება მიიღო.

ყველა ფიქრობდა, რომ იუვენტუსიდან წასვლით ბუფონის აქტიური სპორტული კარიერაც დასრულდებოდა, მაგრამ იტალიელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს: “ჯერ კიდევ ორი კვირის წინ პირადად მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერას ვამთავრებდი, მაგრამ ამ დღეებში ძალიან საინტერესო წინადადებები მივიღე, რაზეც სერიოზულად დავფიქრდები!” - განაცხადა ჯიჯიმ ხუთშაბათს.

"გაძეტა დელო სპორტის" პირველი გვერდი დღეს

ახლა კი იტალიური სპორტული მედიის ფლაგმანი, “გაძეტა დელო სპორტი” ასახელებს იმ კლუბს, რომელმაც ბუფონს კონტრაქტი შესთავაზა და წერს, რომ ჯიჯი ამ ნაბიჯის გადადგმაზე სერიოზულად ფიქრობს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ბუფონმა კარიერა, შესაძლოა, პარი სენ-ჟერმენში გააგრძელოს!

ბუფონის შესაძლო ტრანსფერი ფრანგულ გრანდში “გაძეტა დელო სპორტის” პარასკევის ნომრის მთავარი თემაა. გაზეთის პირველ გვერდზე ვკითხულობთ: “Italia Adieu, Parigi Chiama”, რაც ქართულად ასე უნდა ვთარგმნოთ: “ნახვამდის იტალია, პარიზი მიხმობს”

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, პარიზული გრანდი ბუფონს 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ევროს სთავაზობს. გარდა ამისა, თუ ჯიჯი პსჟ-ში გადასვლას დათანხმდება, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიც საპატიო ელჩიც იქნება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი ყატარში ჩატარდება, Qatar Holding კი პსჟ-ს მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონს და პლანეტის 6-გზის საუკეთესო მეკარეს საკლუბო კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აკლია - ეს არის ჩემპიონთა ლიგის თასი! შესაბამისად, სწორედ ეს უნდა იყოს პსჟ-ში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია. თუმცა ინგლისური "გარდიანი" აქტიურად წერს, რომ ბუფონს ლივერპულშიც ეპატიჟებიან.

ჯიჯი ბუფონმა კარიერა, შესაძლოა, პარიზში გააგრძელოს

კომენტარები

ბოლო ამბები