Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, თელავის “კავკასიონი არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე “ბორჯღალოსნების” დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: “ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვეცდებით, სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ და სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მოვემზადოთ“.

მერაბ შარიქაძე: “მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გარდა გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ“.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე გასული მატჩი მოგებული აქვთ და 18 ქულით უკვე პირველობაც გაინაღდეს, თუმცა, ცხადია, რომ დასკვნით შეხვედრაშიც ფავორიტები იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები