Thumbnail

'რთული პერიოდი მიდგას' - უიმბლდონი მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი მონაწილეობას ვერ მიიღებს წლევანდელ ტურნირში, რომლის ძირითადი ბადის მატჩებიც ლონდონურ კორტებზე ორშაბათს, 28 ივნისს დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 წლის რუმინელმა ჩოგბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“დიდი მწუხარებით მინდა გაუწყოთ, ტრავმის გამო, წლევანდელი უიმბლდონიდან მოხსნა მომიწია. ყველანაირად ვცდილობდი, მომჯობინება მომესწრო და იგივე ემოციები შემეგრძნო, რაც ჩემთვის ტრიუმფალურ 2019 წელს, თუმცა, სხეული არ მემორჩილება და ძალების საგაისოდ შენახვა ვარჩიე. ნამდვილად რთული პერიოდი მიდგას და დიდი სლემის ბოლო 2 ტურნირის მიღმა დარჩენა ამას უფრო ამძაფრებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ სირთულეების შემდეგ, კორტს უფრო ძლიერი დავუბრუნდები. მადლობას ვუხდი უიმბლდონის ორგანიზატორებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის”.

შეგახსენებთ, რომ ჰალეპმა ფეხის ტრავმა რომში, გერმანელ ანგელიკ კერბერთან მატჩში მიიღო და სხვა ტურნირებთან ერთად, უკვე გამოტოვა როლან გაროსი, სადაც ის 2018 წელს გაჩემპიონდა. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი უიმბლდონი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2019 წლის გათამაშების ფინალში კი სიმონამ ამერიკელ სერენა უილიამსს 6:2, 6:2 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები