Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანია ინგლისს ეთამაშება
  • შტეფან ეფენბერგმა იოახიმ ლიოვს ორი მოთამაშის სკამზე დასმა ურჩია

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს მოუწოდა, ძირითადი შემადგენლობიდან სასწრაფოდ ამოაგდოს ორი ფეხბურთელი. 52 წლის ეფე მიიჩნევს, რომ თუ იოგი მის რჩევას არ გაითვალისწინებს, ბუნდესგუნდს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ‘უემბლიზე’ ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება.

ეფენბერგი პირველ რიგში ლეროი სანეს სათადარიგოთა სკამზე დასმას მოითხოვს: “სანე ჯერ კიდევ ვერ გაუშინაურდა გერმანიის ნაკრებს. დღემდე უცხოსავითაა,” - წერს ეფე t-online-ის სტატიაში, - ასეთ ფორმაში მყოფი სანე ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში აღარ უნდა ათამაშოს. მისი დაყენებით ლიოვი გერმანიის ნაკრებს კარგ საქმეს არ უკეთებს. თავისთავად, ეს ცუდია სანესთვისაც, რომელსაც თავდაჯერება აკლია. ლეროის შეუძლია, რომ ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ ვერაფერს ახერხებს.”

მიუნხენის ბაიერნის გარემარბმა სასტარტოში პირველად უნგრეთთან მატჩში (2:2) ითამაშა და მას მერე მთელი გერმანია აკრიტიკებს. კიდევ ერთმა ცნობილმა ექს-ფეხბურთელმა მეჰმეთ შოლმა მას სულაც “მორბენალი ჩვარი” უწოდა.

ლეროი სანეს მკაცრად აკრიტიკებენ

ლეროი სანეს გარდა, ეფენბერგი ინგლისთან შეხვედრაში გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის, ილქაი გიუნდოგანის ამოგდებასაც ითხოვს. “სამწუხაროდ, გიუნდოგანი ნაკრების ფორმაში ვერ თამაშობს ისე, როგორც მანჩესტერ სიტიში მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.” - წერს ეფენბერგი.

ეფეს აზრით, ბუნდესგუნდს ზოგადად ინგლისის ნაკრების არ უნდა ეშინოდეს: “ინგლისელებს თავიანთი შესაძლებლობები ჯერ არ გამოუვლენიათ. ამასთან, ‘უემბლიზე’ თამაში მათთვის დიდ წნეხსაც ნიშნავს. ჰარი კეინს გოლი ვერ გააქვს და გარეთ საუთგეიტმა ჯეიდონ სანჩოს ვერ მოუძებნა ადგილი,” - დასძენს ეფენბერგი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები