Thumbnail

აფრიკელი მორაგბე: ქართველ ფორვარდებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან ტესტ-მატჩებისთვის ბლუმფონტეინში ემზადება და როგორც “ქურციკების” მთავარი მწვრთნელი ჟაკ ნიენაბერი აცხადებს, მომავალ თამაშში ის მაქსიმალურად ძლიერ შემადგენლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ ჩასატარებელი სერიისთვის (24 და 31 ივლისს, 7 აგვისტოს) ემზადებიან და საქართველოსთან შეხვედრებიც ამ ჭრილში განიხილება. თუკი ნიენაბერს ვერწმუნებით, “ბორჯღალოსნებთან” ტესტისთვის მხოლოდ საუკეთესოებს უნდა ველოდეთ, ამდენად, თამაში მოუწევს კვაჭ ბონგი მბონამისაც.

ისევე, როგორც სხვა აფრიკელებმა, მბონამბიმაც ბოლოს სანაკრებო დონეზე 2019 წლის ნოემბერში ითამაშა, როდესაც “ქურციკებმა” ინგლისს 32:12 სძლიეს და მსოფლიოს თასის მოგება მესამედ მოახერხეს. სტორმერსის 2 ნომერი თვლის, რომ მისი ნაკრები საქართველოსთან შეხვედრას მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს:

“სამამ ლომებთან შეხვედრებზე ვიფიქრებთ, კონცენტრაცია ქართველ მორაგბეებთან მატჩებზე უნდა მოვახდინოთ. იმ ვიდეოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვნახეთ, განსაკუთრებული ყურადღება მათ ფორვარდებს უნდა მივაქციოთ. ისინი სტატიკაში ნამდვილად ხარისხიანად მოქმედებენ. შერკინებაში საკმაოდ დაბლა შემოდიან და ვფიქრობ, ამის საპირისპიროდ რამე უნდა მოვიფიქროთ”.

სამხრეთ აფრიკა საქართველოსთან პირველ მატჩს 2 ივლისს დედაქალაქ პრეტორიაში, კერძოდ კი, Loftus Versfeld-ზე ჩაატარებს და ეს, ჟაკ ნიენაბერისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება, რადგანაც პრესტიჟულ პოსტზე დებიუტი სწორედ აღნიშნულ სტადიონზე ჰქონდა. 9 ივლისისთვის მეტოქეები უკვე იოჰანესბურგში გადაინაცვლებენ და ერთმანეთს Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

ცნობისთვის, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებებს აქამდე ერთადერთხელ უთამაშიათ. ეს 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხდა, როდესაც “ქურციკებმა” 46:19 მოგვიგეს, ქართველმა მორაგბეებმა კი მსოფლიო თასებზე პირველი ლელო დადეს. აღნიშნული დავით დადუნაშვილმა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები