Thumbnail

'ეს თუ მოხდება, მოედნიდან გავალ' - ვეინალდუმი თამაშის შეწყვეტით იმუქრება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟორჟინიო ვეინალდუმი რასიზმის და ჰომოფობიის წინააღმდეგ
  • ნიდერლანდელი ფეხბურთელი რადიკალური ნაბიჯის გადადგმასაც არ გამორიცხავს

ნიდერლანდების ნაკრები ფეხბურთელი ჟორჟინიო ვეინალდუმი არ გამორიცხავს, რომ ბუდაპეშტში ჩეხეთთან მატჩის დროს გულშემატკივრები რასისტულ შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, თამაშს შეწყვეტს და მოედნიდან გავა. ვეინალდუმი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა უეფამ უნდა აიღოს და ფეხბურთელები დაიცვას.

"გარკვეულ სიტუაციებში არ იცი, როგორ მოიქცევი, მაგრამ პირველ რიგში, მსაჯთან მივალ. უეფამ უნდა გადაწყვიტოს, აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას მოთამაშეები. საჭიროების შემთხვევაში თამაშიც შეაჩეროს. წარსულში ყოფილა შემთხვევები, როცა ფეხბურთელები მოედნიდან გასულან, მაგრამ არ მახსენდება, რომ მათთვის მხარი ძლიერად დაეჭირათ. ეს არის სიტუაცია, რომელშიც მე არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მოედნიდან გავიდე, თუ კვირას რამე მოხდება. იმედი მაქვს, რომ ეს ჟესტი საჭირო არ გახდება".

ვეინალდუმმა დააანონსა, რომ ჩეხეთთან შეხვედრაში გუნდს მოედანზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს:

"ამ სამკლაურს გამოვიყენებ. იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის. ჩემს ამ ჟესტს ჩემი ყველა თანაგუნდელი იზიარებს, გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველას, ვინც თავს ჩაგრულად გრძნობს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში".

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 27 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები