Thumbnail

უზბეკეთში ფახთაქორის ყოფილი მთავარი მწვრთნელის შოთა არველაძის დაბრუნების საკითხი დროდადრო აქტიურდება. ბოლო დროს ადგილობრივი მედია ქართველი სპეციალისტის ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შესაძლებლობაზე წერდა.

ახლახან უზბეკმა ჟურნალისტებმა არველაძის შესახებ შეკითხვა ფახთაქორის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, პიეტერ ჰუისტრას დაუსვეს, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე წლების განმავლობაში შოთას ასისტენტი იყო.

"მისი შესაძლო დანიშვნის (უზბეკეთის ნაკრებში) შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. არველაძეს ძალიან უნდა ევროპულ კლუბში მუშაობა და ეს კარგად ვიცი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მწვრთნელია შოთა, უზბეკური ფეხბურთისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ნაკრებში არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგი შედეგების ჩვენება შეუძლიათ", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. 

ნიდერლანდელი სპეციალისტი შოთასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა

შოთა არველაძე უზბეკეთში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. 48 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც მანამდე თურქულ გუნდებს: ქაისერისპორს, ქასიმპაშასა და ტრაბზონსპორს, ასევე თელ ავივის მაქაბის წვრთნიდა, ტაშკენტის ფახთაქორში 2017 წელს მივიდა და გუნდს 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა. 

შოთამ ფახთაქორს, სადაც არჩილ არველაძესა და გოჩა ტყუბუჩავასთან ერთად მუშაობდა, ჯამში 5 ტიტული მოაპოვებინა - 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს - უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ არველაძე უზბეკურ კლუბს დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები