Thumbnail

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უნგრეთთან დიდხანს ინერვიულა (2:2, მარცხის შემთხვევაში ვარდებოდა), გერმანელი ფეხბურთელები მაინც თავდაჯერებულები არიან და ამბობენ, რომ მათი მიზანი უცვლელია - ევროპის ჩემპიონობა.

საინტერესოა, რომ იოახიმ ლიოვის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით უფრო უკეთეს ბადეში მოხვდა. მართალია, გერმანია მერვედფინალში ინგლისს ეთამაშება და თანაც, 'უემბლიზე', მაგრამ თუ ამ მატჩის მოგება მოახერხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე ძლიერი ნაკრებებიდან მეტოქედ მხოლოდ ნიდერლანდები რჩება. საქმე ისაა, რომ ისეთი ტოპ-გუნდები, როგორებიც საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, იტალია და ესპანეთი არიან, ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ და ფინალში მათგან მხოლოდ ერთი გავა.

უნგრეთთან 2:2-ის შემდეგ, გერმანელთა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა მომდევნო მატჩზე ისაუბრა: “ინგლისთან სულ სხვა თამაში იქნება. ჩვენ ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, რომლებსაც თავდაჯერება არ აკლიათ. უემბლიზე თამაში საჩვენო ამბავია!” - განაცხადა ნოიერმა ტელეკომპანია ZDF-ის მიკროფონში.

საქმე ისაა, რომ გერმანიის ნაკრებმა ‘უემბლიზე’ ბოლოს 1975 წელს წააგო. მას მერე გერმანელები ინგლისს ამ არენაზე 7-ჯერ ესტუმრნენ და აღარ დამარცხებულან. უფრო მეტიც: 1975 წლის შემდეგ ‘უემბლიზე’, ინგლისსა და გერმანიას შორის გამართული 7 მატჩიდან 6 გერმანიამ მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

კიმიხის ემოცია უნგრეთთან მატჩის შემდეგ

“ამაზე უფრო ლამაზი მატჩი წარმოუდგენელია. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მოტივირებულები ვიქნებით. იმედი მაქვს, რომ უკვე ბოლომდე თავდაჯერებულები ვართ და ამ ტურნირზე ფეხი აღარ დაგვიცდება. სწორედ ამის ჩვენება და დამტკიცება გვსურს ინგლისთან,” - ეს იოზუა კიმიხის სიტყვებია.

თუმცა გერმანიას ინგლისთან ადვილი მატჩი არ ელის. მართალია, გარეთ საუთგეიტის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე არ ბრწყინავდა, მაგრამ სამაგიეროდ, გოლიც არ მიუღია - 1:0 ხორვატიასთან, 0:0 შოტლანდიასთან და 1:0 ჩეხეთთან.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ‘უემბლიზე’ ინგლისი დავამარცხოთ და მეოთხედფინალში გავიდეთ. ეს მატჩი ჩვენთვის ფინალივით იქნება,” - უთხრა ნოიერმა MagentaTV-ს. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი დაამატა: “ინგლისთან მატჩი ‘უემბლიზე’ აბსოლუტური ჰაილაითი იქნება. ამ შეხვედრისთვის კარგად მომზადებულები ვიქნებით. რა თქმა უნდა, სხვანაირად ვითამაშებთ, ვიდრე უნგრეთთან. ამის დაპირება შემიძლია.”

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი ინგლისსა და გერმანიას შორის 29 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები