Thumbnail

ირანის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალი დაეი კრიშტიანო რონალდოს მიღწევას გამოეხმაურა, რომელმაც ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობის მისი მსოფლიო რეკორდი გაიმეორა.

კრიშტიანო რონალდომ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში (2:2), პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის, დუბლი შეასრულა და ნაკრების მაისურით 109 გატანილი გოლი დაუგროვდა. ახლა პორტუგალიელს ერთი გოლი სჭირდება, რათა არმინიას, ბაიერნისა და ჰერტას ყოფილი ფეხბურთელის რეკორდი გააუმჯობესოს. 

"ვულოცავ კრიშტიანოს, რომელსაც ერთი გოლი აკლია, რათა ნაკრებში გატანილი გოლებით, ჩემს მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი დაამხოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ბრწყინვალე მიღწევის ავტორი რონალდო იქნება - დიდი ჩემპიონი და ჰუმანისტი, რომელიც აღაფრთოვანებს ადამიანებს და გავლენას ახდენს მსოფლიოზე. წინ!", - დაწერა 52 წლის ალი დაეიმ სოციალურ ქსელში. 


ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. მიმდინარე ტურნირზე 35 წლის კრიშტიანო რონალდომ უკვე 5 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები