Thumbnail
  • მოახლოებულ ოლიმპიადაზე 9 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ
  • იძულებითი ცვლილება, შესაძლოა, მხოლოდ 90 კგ. წონაში მოხდეს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოკიოს ლიცენზიანტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ეს ძიუდოისტთა ხარჯზე მოხდა, რომლებიც კაცებში სრული გუნდით იქნებიან წარმოდგენილნი, ქალებში კი ორი მონაწილე გვეყოლება ანუ ტოკიოს ტატამიზე სულ 9 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

საინტერესოა, რომ ოლიმპიადის სალიცენზიო სიაში ჯამში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 17 წარმომადგენელი მოხვდა, სეოკ-ს კი უკვე კონკრეტული ძიუდოისტები ჰყავს ჩამოთვლილი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მწვრთნელებს ტოკიოსთვის შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავთ. მის თანახმად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

კაცები

60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ლაშა ბექაური 
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი

ქალები

52 კგ. – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

ამგვარად, პოტენციურ ოლიმპიელთაგან ტოკიოში არ მიემგზავრებიან თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.). საფიქრებელია, რომ აღნიშნულ შემადგენლობაში ერთადერთი იძულებითი ცვლილება, შესაძლოა, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოხდეს, სადაც ლაშა ბექაურმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობისას ტრავმა მიიღო და თუკი მომჯობინება ვერ მოახერხა, მის მაგივრად ბექა ღვინიაშვილი გამოვა.

სამწუხაროდ, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ვერ ვიხილავთ ძიუდოს გუნდურ ტურნირზე, სადაც ერთმანეთს კაცების და ქალების სამ-სამი წონის წარმომადგენლები გაეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებს მიზნისთვის ქალებში მე-3 ლიცენზია დააკლდა, ამდენად, ტატამიზე მხოლოდ 12 გუნდი გავა: იაპონია, ბრაზილია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, სამხრეთ კორეა, მონღოლეთი, ნიდერლანდები, რუსეთი და უზბეკეთი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება (ძიუდოს ტურნირი 24-31 ივლისს გაიმართება) და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 2021 წლის 14 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები