Thumbnail
  • სლოვაკეთი 0:5 ესპანეთი
  • გოლები: 0:1 დუბრავკა (30. ავტოგოლი), 0:2 ლაპორტი (45+3), 0:3 სარაბია (56), 0:4 ფ. ტორესი (67), 0:5 კუცკა (71-ავტოგოლი)
  • შვედეთი 3:2 პოლონეთი
  • გოლები: 1:0 ფორსბერგი (2), 2:0 ფორსბერგი (59), 2:1 ლევანდოვსკი (61), 2:2 ლევანდოვსკი (84), 3:2 კლაესონი (94)

სევილიასა და სანკტ-პეტერბურგში E ჯგუფის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. ესპანეთის ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით გაანადგურა - 5:0. შვედეთისა და პოლონეთის ნაკრებების დრამატული დაპირისპირება სკანდინავიურმა გუნდმა 3:2 მოიგო. ჯგუფი 7 ქულით შვედეთმა მოიგო, ესპანეთი 5 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა. სლოვაკეთი 3 ქულით მესამეა, პოლონეთმა მხოლოდ ქულა მოაგროვა და ევრო 2020-ს დაემშვიდობა.

ამ შედეგების წყალობით, უკრაინის ნაკრები მერვედფინალში გავიდა. 16 საგზურიდან 14-ის მფლობელი ცნობილია. 1/8 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას დაუპირისპირდება.ცნობილი გახდა კიდევ ერთი წყვილის შესახებაც - ნიდერლანდები მერვედფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ამ ჯგუფიდან პლეი ოფის საგზური დღემდე მხოლოდ შვედეთის ნაკრებს ჰქონდა განაღდებული. "ფურია როხას" დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. მე-10 წუთზე კოკე საჯარიმოში წააქციეს, თუმცა კუიპერსმა ესპანელი აქეთ დააჯარიმა. VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა. ალვარო მორატამ დუბრავკას ვერ აჯობა და ანგარიში ვერ გახსნა. 

ალვარო მორატას პენალტი

30-ე წულზე მარტინ დუბრავკამ ძალიან კურიოზული გოლი გაიტანა საკუთარ კარში, სარაბიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და უკან გამოვარდნილი, სლოვაკთა გოლკიპერმა კარში შეაბრუნა. 

მარტინ დუბრავკას ავტოგოლი

ტაიმის მიწურულს ესპანელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, ამ მომენტშიც შეცდა დურბავკა, რომელიც მორენოს გაეკიდა და კარი დატოვა, ჟერარდის ჩაწოდების შემდეგ გოლი ემერიკ ლაპორტმა გაიტანა. 

56-ე წუთზე ესპანელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, ჟორდი ალბას პასით პაბლო სარაბიამ გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ამის შემდეგ შეცვლაზე შესულებმა იყოჩაღეს - ფერან ტორესმა ქუსლით გაიტანა, ხოლო პაუ ტორესს კუცკამ არ აცალა და სლოვაკთა მეორე ავტოგოლი მიითვალა.

ფერან ტორესმა ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა

შვედეთისა და პოლონეთის დაპირისპირება სკანდინავიელების სწრაფი გოლით დაიწყო, ემილ ფორსბერგმა ინდივიდუალურად გაიბრწყინა. ამას ლევანდოვსკიმ თავურით უპასუხა, შვედეთის ნაკრები ხარიხამ იხსნა.

ფორსბერგმა 81-ე წამზე გაიტანა

59-ე წუთზე ემილ ფორსბერგმა დუბლი შეასრულა, საგოლე პასი კი მოედანზე ახალი შესული კულუშევსკის ანგარიშზეა. პოლონეთმა თამაშის შემოტრიალება სცადა - ორ წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ ჟელინსკის პასით ერთი გოლი გაქვითა, კიდევ ხუთ წუთში კი სვიერჩოკმა გაიტანა, მაგრამ მისი გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა. 84-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე კლაესონის გოლით შვედეთის ნაკრებმა მაინც შეძლო გამარჯვება - 3:2.

FLOP - მარტინ დუბრავკა (სლოვაკეთი)

პენალტის მოგერიების შემდეგ სლოვაკთა მეკარე მატჩის გმირობის კანდიდატი იყო, მაგრამ შემდეგ საოცრად კურიოზული გოლი გაიტანა საკუთარ კარში. ამით არ ამოწურულა - ტაიმის მიწურულს კარი "დაკარგა" და ლაპორტს იოლად გაატანინა, რამაც სლოვაკეთის ნაკრები მორალურად გატეხა და მე-2 ტაიმში კიდევ 3 გოლი გაუშვა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ევროპის ჩემპიონატზე პირველად ესპანეთის ნაკრებმა 20 და ნაკლები წლის ორი ფეხბურთელი ათამაშა სასტარტოში: ერიკ გარსია (20) და პედრი (18).

📌 ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდია ნიდერლანდების (2000 წ.) შემდეგ, რომელმაც ევროპის ერთ პირველობაზე ორი პენალტი ვერ გამოიყენა. 

📌 ემილ ფორსბერგმა 81-ე წამზე გაიტანა. ევროპის ჩემპიონატებზე ეს მეორე სწრაფი გოლია დმიტრი კირიჩენკოს (2004 წ.) შემდეგ - 65-ე წამი.

📌 მარტინ დუბრავკამ ევრო 2020-ზე მე-7 ავტოგოლი გაიტანა, იურაი კუცკამ - მე-8. 7 ავტოგოლი ევროპის წინა 5 ჩემპიონატზე ერთად გავიდა.

📌 ესპანეთის ნაკრების პირველი გოლი ლუის ენრიკეს მწვრთნელობის განმავლობაში 50-ე გოლია "როხას" შესრულებით.

სლოვაკეთი 0:5 ესპანეთი

სლოვაკეთი (4-4-1-1): დუბრავკა - პეკარიკი, სატკა, შკრინიარი, ჰუბოჩანი - ჰარასლინი (69. სუსლოვი), კუცკა, ჰრომადა (46. ლობოტკა), მაკი (69. ვაისი) - ჰამშიკი (90. ბენეში) - დუდა (46. ძიურიში)

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - ასპილიკუეტა (77. ოიარზაბალი), ე. გარსია (71. პაუ ტორესი), ლაპორტი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი (71. ტიაგო ალკანტარა), პედრი - სარაბია, მორატა (66. ფერან ტორესი), მორენო (76. ტრაორე)

შვედეთი 2:2 პოლონეთი

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი (68. კრაფტი), ლინდელიოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი - ლარსონი, ეკდალი, ოლსონი, ფორსბერგი (77. კლაესონი) - ქუასიონი (55. კულუშევსკი), ისაკი (68. ბერგი)

პოლონეთი (3-4-2-1): შჩესნი - ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი - იუზვიაკი (61. სვიერჩოკი), კრიხოვიაკი (78. პლახეტა), კლიხი (73. კოზლოვსკი), პუხაჩი (46, ფრანკოვსკი) - შვიდერსკი, ჟელინსკი - ლევანდოვსკი

კომენტარები

ბოლო ამბები