Thumbnail

ახალი სტრატეგია FIFA-ს წინააღმდეგ: PES-მა სერია A-ს კიდევ ერთი კლუბი იყიდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • FIFA კიდევ ერთი იტალიური კლუბის სახელის გამოყენებას ვეღარ შეძლებს
  • PES-მა ატალანტასტან კონტრაქტი გააფორმა და ექსკლუზიური უფლებები მოიპოვა
  • შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, ნაპოლი იყოს

ცოტა ხნის წინ, კომპანია Konami-მ განაცხადა, რომ თამაშ PES-ისთვის, იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, ბერგამოს ატალანტას სიმბოლოების გამოყენების ექსკლუზიური უფლებები შეიძინა. ეს უკვე მეხუთე კლუბია სერია A-დან, რომლის გამოყენებასაც, FIFA საკუთარ თამაშში ვეღარ შეძლებს.

ეს ამბავი შემთხვევითი სრულიად არაა. Konami-ს წარმომადგენელმა IGN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ექსკლუზიური უფლებების შეძენა მათი სტრატეგიაა. ‘გვსურს, ასე გადმოვიბიროთ ამ კლუბების გულშემატკვირები’ - აცხადებენ Konami-ში.

ირონიული ამბავია, რომ ის სტრატეგია, რომელიც FIFA-ს იტალიურ გუნდებს ართმევს, თავად EA-ს მოგონილია: წლებია, ეს გიგანტური კორპორაცია კლუბებთან პარტნიორობას და ექსკლუზიური უფლებების მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი ვირტუალური სათამაშო ლიგების ჩამოყალიბება შეძლოს. მეორე მხრივ, PES ტურნირებთან პარტნიორობაზე აკეთებდა აქცენტებს. მისი უდიდესი გამარჯვება იყო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურნირთან, ჩემპიონთა ლიგასთან 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმება. თუმცა, Konami-მ ეს ლიცენზია 2018 წელს დაკარგა და ის კვლავ FIFA-ს ხელში აღმოჩნდა.

ნაპოლის ფეხბურთელები PES 2021-ში

2019 წლისთვის, სპორტული თამაშების ომში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: Konami-მ იუვენტუსის სახით ერთ-ერთი უდიდესი გრანდი დაისაკუთრა და PES-ის ექსკლუზივად აქცია. FIFA იძულებული გახდა, კლუბისთვის საკუთარ თამაშში "პიემონტე კალჩო" დაერქმია და მათი ფორმა და ლოგოც შეეცვალა, რამაც ფანების უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია.

ეს FIFA-სთვის აქამდე არნახული დარტყმა იყო: იუვენტუსის ვარსკვვლავი კრიშტიანო რონალდო FIFA 19-ის გარეკანზე იყო გამოსახული. FIFA 20-ს მისი სახელის ხსენებაც კი აეკრძალა. 2020 წელს, PES-მა რომას და ლაციოს ლიცენზიები მოიპოვა, 2021 წელს კი ატალანტა ამოიღო მიზანში. ინტერნეტში გავრცელებული ხმების მიხედვით, 2022 წლისთვის მათი სამიზნე უკვე ნაპოლი იქნება. 

ამ კლუბებთან კონტრაქტების გაფორმება შემთხვევითი სულაც არაა და ერთი დიდი თამაში ნაწილია. IGN-ის კითხვას, რის მიხედვით მოხდა კლუბების შერჩევა, Konami-ს საფეხბურთო ლიცენზირების მენეჯერი დევიდ მონკი ასე პასუხობს: ‘რა თქმა უნდა, შემთხვევით არაფერი მომხდარა და ეს ერთიანი სტრატეგიის ნაწილია. თუმცაღა, ისიც აღსანიშნავია, რომ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ მაშინ ფორმდება, როცა ეს ორმხრივად - მომგებიანია ჩვენი კომპანიისთვისაც და მათთვისაც. Konami-სთვის იტალიური ფეხბურთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, მომდევნო წლებშიც ვაპირებთ, განვაგრძოთ ამ მხრივ ინვესტირება.’

რონალდო PES 2021-ში

ჟურნალისტის კითხვას, მართალია თუ არა, რომ ამ სტრატეგიის მიზანი FIFA-ს, როგორც კონკურენტის, განადგურებაა, მონკი ასე პასუხობს: ‘მართალია, რომ ასეთი კონტრაქტების გაფორმება PES-ს უფრო კონკურენტუნარიან თამაშად აქცევს. თუმცა ეს უნიკალური სტრატეგია არ არის: მას სხვა კომპანიებიც ხშირად იყენებენ. ექსკლუზიურობის მომენტი ყოველთვის მომგებიანია, სპორტულ თამაშებში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.’

მიუხედავად იმისა, რომ FIFA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეოთამაშია (და არა მხოლოდ სპორტული ვიდეოთამაშების ჟანრში), მონკს სჯერა, რომ PES მის დაჩრდილვას შეძლებს: ‘ჩემი აზრით, საფეხბურთო კლუბებისთვის Konami უკეთესი პარტნიორია: ჩვენ თითოეული მათგანის შეხედულებებსა და პრობლემებს სრულად ვითვალისწინებთ.’

როგორც ჩანს, Konami-სა და PES-ის სტრატეგიაა, FIFA-ს ძლიერი მხარე, მისი მასშტაბურობა, მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს და უფრო პერსონალური მიდგომით მიიზიდოს კლუბები. თუ PES უფრო მეტ დროს დაუთმობს პარტნიორ კლუბებს, თამაშებისთვის მათი ფეხბურთელების მოდელებს 3d სკანირების სახით შექმნის და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს, მაგალითად, სტადიონსა და შეძახილებს უფრო რეალისტურად აქცევს, შესაძლოა, ამ სტრატეგიამ მართლაც მშვენიერი შედეგი მოიტანოს: საეჭვოა, PES-მა უახლოეს წლებში FIFA-ს მსგავსი შემოსავალი ან ცნობადობა მოიპოვოს, მაგრამ ახალი პარტნიორებით და ახალი Unreal Engine-ით, რომელსაც PES შემდეგ თამაშში პირველად გამოიყენებს, იაპონურ თამაშს ნამდვილად კარგი შანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები