Thumbnail

D ჯგუფში ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, ბოლო ტურის მატჩები ლონდონსა და გლაზგოში გაიმართა. "უემბლიზე" ინგლისის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და რაჰიმ სტერლინგის გოლით 1:0 მოუგო. "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 1:3 დამარცხდა. ამგვარად, ინგლისის ნაკრებმა ჯგუფი 7 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, მერვედფინალის საგზური მოიპოვა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ხორვატიამ 4 ქულით. ამდენივე ქულით მე-3 ადგილზე გავიდა ჩეხეთი. ევრო 2020-ს დაემშვიდობა შოტლანტია 1 ქულით.

წინა დღით გაირკვა, რომ ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებები ნაადრევად დაეუფლნენ 1/8 ფინალის საგზურებს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, თუ რომელი ადგილებით გავიდოდნენ ეს გუნდები პლეი ოფში. გარეთ საუთგეიტს კოვიდინფიცირებულ გილმორთან (შოტლანდიის ნაკრები) კონტაქტის გამო, ჩილუელი და მაუნტი დააკლდნენ. ინგლისის ნაკრების 11-ეულში 4 ცვლილება განხორციელდა: უოკერი, მაგუაირი, გრილიში და საკა სასტარტოში გამოჩდნენ. ჩეხეთის ნაკრებში წინა ტურთან შედარებით ცვლილება არ ყოფილა.

მატჩი ინგლისელთა სახიფათო შეტევით დაიწყო, რაჰიმ სტერლინგს თავიდანვე შეეძლო გოლის გატანა. სტერლინგმა მეორე ცდაზე გაიტანა, როცა გრილიშის ჩაწოდების შემდეგ ვაცლიკს თავით დაურტყა.

რაჰიმ სტერლინგის თავური

მეორე ტაიმი შედარებით უინტერესოდ წარიმართა - 87-ე წუთზე ინგლისმა გაიტანა, მაგრამ ბელინგემის პასის მომენტში ჯორდან ჰენდერსონი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"ჰემპდენ პარკზე" ფრე ორივე გუნდისთვის გავარდნის ტოლფასი იყო, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი პლეი ოფის საგზურს იბევებდა. კლარკს კოვიდინფიცირებული გილმორი დააკლდა, მის ნაცვლად ნახევარდაცვაში არმსტრონგი გამოჩნდა. ხორვატიის რიგებში იურანოვიჩი, ვლაშიჩი და პეტკოვიჩი ვიხილეთ სასტარტოში, დაბრუნდა ბროზოვიჩიც. 

ხორვატიის ნაკრები ვლაშიჩმა დააწინაურა

მე-17 წუთზე ივან პერიშიჩის პასით ანგარიში ნიკოლა ვლაშიჩმა გახსნა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს შესანიშნავი საგოლე კომბინაცია გამოუვიდა. შოტლანდიის ნაკრებმა 42-ე წუთზე ქალუმ მაკგრეგორის გოლით გაათანაბრა. 

ქალუმ მაკგრეგორმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა

62-ე წუთზე ხორვატია კვლავ წინ გავიდა, ლუკა მოდრიჩმა კოვაჩიჩის პასი მიიღო და საჯარიმოს კუთხიდან აუღებლად დაურტყა მარშალს. მალე ლუკას პასით ივან პერიშიჩმა გაიტანა და ამ დაპირისპირებაში ყველაფერი გადაწყდა. 

TOP - ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

გოლს პლუს პასი გადამწყვეტ შეხვედრაში, ლუკამ ხორვატია მე-12 ნაკრები გახადა, რომელმაც პლეი ოფში გააღწია.

FLOP - ჰარი კეინი (ინგლისი)

საფეხბურთო სამყარო კარგა ხანია, ელის მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირფასესი ფორვარდისგან შესაბამის თამაშს, თუმცა ჯერჯერობით, ამაოდ. მცირე პროგრესი - ჩეხეთთან მატჩში მან კარში ზუსტად დარტყმა შეძლო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ბუკაიო საკა არსენალის მხოლოდ მეორე თინეიჯერია, ვინც ინგლისის ნაკრების რიგებში დიდ ტურნირზე ითამაშა. პირველი იყო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. 

📌 გარეთ საუთგეიტმა ნაკრები 57-ედ გაიყვანა სათამაშოდ. სხვათა შორის, მას ინგლისის ნაკრებში სწორედ 57-ჯერ აქვს ნათამაშები.

📌 რაჰიმ სტერლინგი მხოლოდ მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც ევროზე ინგლისის ნაკრების პირველი ორი გოლი გაიტანა, პირველი იყო ალან შირერი (1996 წ.). აღსანიშნავია, რომ ოთხივე ეს გოლი "უემბლიზე" გავიდა.

📌 ნიკოლა ვლაშიჩი გახდა მოდრიჩის მერე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ხორვატიის ნაკრების მაისურით ევროზე გოლი გაიტანა - 23 წლის და 261 დღის.

📌 ქალუმ მაკგრეგორი პირველი შოტლანდიელია, ვინც 1996 წლის მერე ევროზე გაიტანა ალი მაკოისტის შემდეგ. ზედიზედ 46 დარტყმა გოლის გარეშე. 

📌 დღეიდან ლუკა მოდრიჩი არის ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (2008 წ.) და ყველაზე ხნიერი (2021 წ.) ფეხბურთელი, ვინც ევროზე გაიტანა. 

ჩეხეთი 0:1 ინგლისი

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, ჩელუსტკა, კალასი, ბორილი - ჰოლეში (84. ვიდრა), სოუჩეკი - მასოპუსტი (64. ჰლოჟეკი), დარიდა (64. კრალი), იანკტო (46. შევჩიკი) - შიკი (75. პეხარტი)

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი (79. მინგსი), მაგუაირი, შოუ - ფილიპსი, რაისი (46. ჰენდერსონი) - საკა (84. სანჩო), გრილიში (68. ბელინგემი), სტერლინგი (67. რაშფორდი) - კეინი

ხორვატია 3:1 შოტლანდია

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, ვიდა, გვარდიოლი (71. ბარიშიჩი) - კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი (81. რებიჩი), მოდრიჩი, ვლაშიჩი (76. ივანუშეჩი) - პეტკოვიჩი (70. კრამარიჩი)

შოტლანდია (3-5-2): მარშალი - მაკტომინეი, ჰენლი (33. მაკენა), ტიენი - ო'დონელი (84. პატერსონი), არმსტრონგი (70. ფრეიზერი), მაკგინი, მაკგრეგორი, რობერტსონი - დაიკსი, ადამსი (84. ნისბეტი)

კომენტარები

ბოლო ამბები