Thumbnail

'სანკტ-პეტერბურგში თამაში საშიშია' - უკრაინელი დეპუტატის თხოვნა უეფას

  • სანკტ-პეტერბურგმა ევრო 2020-ის კიდევ ორ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს
  • რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება გაუარესდა
  • უკრაინელი დეპუტატი ალეკსეი გონჩარენკო უეფას მატჩების გადატანას სთხოვს

უკრაინის რადას დეპუტატი ალეკსეი გონჩარენკო უეფას სთხოვს, სანკტ-პეტერბურგში გასამართი ევრო 2020-ის მატჩები სხვაგან გადაიტანოს. 

რუსეთის ამ ქალაქში ევროპის ჩემპიონატის ხუთი შეხვედრა უკვე გაიმართა, კიდევ ორი კი ჩასატარებელია. "გაზპრომ არენამ" 23 ივნისს E ჯგუფის შეხვედრას - შვედეთი-პოლონეთს უნდა უმასპინძლოს, 2 ივლისს კი - ერთ-ერთ ¼-ფინალს. 

უკრაინელი დეპუტატი სანკტ-პეტერბურგიდან მატჩების სხვაგან გადატანის საჭიროებას რუსეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის.

"მივმართე უეფას თხოვნით, რუსეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო, გადაიტანოს ევრო 2020-ის მატჩები სანკტ-პეტერბურგიდან. ამ ქალაქში კიდევ ორი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საფრთხეს უქმნის ევრო 2020-ის გულშემატკივრებსა და მონაწილეებს, გთხოვთ განიხილოთ მატჩების სანკტ-პეტერბურგიდან სხვა ქალაქში გადატანის საკითხი", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში და აქვეყნებს უეფაში გაგზავნილი წერილის ფოტოს.

რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა. ჩერჩესოვის გუნდმა B ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა.

უკრაინის ნაკრებმა C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირის ⅛-ფინალში გასვლის შანსს ჯერჯერობით ინარჩუნებს. ანდრეი შევჩენკოს გუნდი სხვა მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები