Thumbnail

'თბილისი თითქმის შეთანხმებულია' - ხაბიბი EFC-ის ტურნირს ჩაატარებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა შარშან ოქტომბერში დაასრულა, საქართველოში ტურნირის გამართვას აპირებს. 

შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელი ვარსკვლავი, რომელიც ორგანიზაცია Eagle Fighting Championship-ის მფლობელია და ლიგის ტურნირების ორგანიზებით აქტიურად არის დაკავებული, ერთ-ერთი ტურნირის ჩატარებას თბილისშიც გეგმავს და როგორც ამბობს, საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამის შესახე ხაბიბმა ალმათიში სტუმრობისას განაცხადა:

"ალმათის შემდეგ, ტურნირს ჩავატარებთ დაღესტანში, მერე - ყირგიზეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, მოსკოვში… პრაქტიკულად უკვე მოლაპარაკებული ვართ და გვსურს, პირველი ტურნირი საქართველოში, თბილისში ჩავატაროთ. მართალია, ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია, როდის იქნება ეს, სექტემბერში თუ ოქტომბერში, მაგრამ სავარაუდოდ, მას სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩავატარებთ".

ლეგენდარული დაღესტნელი მებრძოლი თბილისს ადრეც სტუმრობდა

ცნობილია, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს MMA-ს ქართველ წარმომადგენლებთან, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ UFC-ის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ხაბიბი ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოსვლას და პროექტის განხორციელებას აპირებს.

32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა. დაღესტნელმა კარიერის განმავლობაში MMA-ში 29 ბრძოლა ჩაატარა (13 UFC-ში) და ყველა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები