Thumbnail

დინამო ბათუმის მეკარე ლაზარე კუპატაძე, საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მსგავსი აღიარება მეკარეებისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ კუპატაძეს ეს ტიტული უდავოდ ეკუთვნოდა. ამ პერიოდში ბათუმელთა მეკარემ მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა, ამდენივე მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. მისი შესანიშნავი თამაში კი დინამო ბათუმის ლიდერობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიზეზია. კარიერის ამ პერიოდზე, ეროვნულ ნაკრებში დებიუტსა და რუმინელებთან მოგერიებულ ურთულეს ბურთზე ლაზარე კუპატაძემ პოპსპორტთან ინტერვიუში ისაუბრა.

POPSPORT: პირველ რიგში გილოცავთ აღიარებას. იმის გათვალისწინებით, რომ მეკარეები იშვიათად სახელდებიან საუკეთესოებად, რამდენად ელოდი ამ ტიტულს?

ლაზარე კუპატაძე: სიმბოლურ გუნდში მოხვედრას ნამდვილად ველოდი. ამ პერიოდში ყველაზე მეტი “მშრალი მატჩი” დამიგროვდა, ყველაზე ნაკლები ბურთი გავუშვი, მაგრამ მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მაინც მოულოდნელი იყო. 

POPSPORT: საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაში ურთულესი ბურთი მოიგერიე. სხვა ასეთივე რთული სეივი გახსენდება?

კუპატაძე: ამაზე რთული ბურთის აღება ნამდვილად არ მახსენდება. საკმაოდ დიდია ამ მომენტის მნიშვნელობაც. პირველ რიგში, ეს ეროვნული ნაკრების თამაშისას მოხდა, რაც ამ სეივის მნიშვნელობას ზრდის. გასათვალისწინებელია კონტექსტიც: იმ მომენტში ანგარიში 0:0 იყო და რუმინელები, როგორც მასპინძლებს შეეფერებათ, აქტიურად მოქმედებდნენ.

ლაზარე კუპატაძის სუპერსეივი რუმინეთთან

💬 | ამ პოსტის ქვეშ Lazare Kupatadze-ს სუპერსეივზე ვსაუბრობთ. 🚀🧤😲

Posted by popsport on Wednesday, June 2, 2021

 

POPSPORT: დებიუტანტებისთვის ახალ გარემოსთან შეგუება ხშირად ძნელია. გაგიადვილდა თუ არა ეროვნულ გუნდში ადაპტაცია?

კუპატაძე: ამ პროცესმა ჩემთვის ძალიან მარტივად ჩაიარა. ყველა მოთამაშემ იცოდა, რომ დებიუტი უნდა მქონოდა და გვერდში დამიდგნენ. მატჩის წინ მწვრთნელებმაც და  ფეხბურთელებმაც ჩემი მაქსიმალურად მოტივირება მოახერხეს. ვგრძნობდი, რომ ყველა მენდობოდა. ამ დამოკიდებულებამ ჩემზე დადებითად იმოქმედა.

POSPORT: ევროპის ჩემპიონატზე მეკარეებიდან ვისი თამაში მოგწონს და ზოგადად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვინ მიგაჩნია?

კუპატაძე: ნებისმიერ ტურნირზე გადის მოულოდნელი გოლები. მეკარეების შეცდომები შესაძლოა, ყველაზე მეტადაც კი ჩანდეს. გამონაკლისი არც ევროპის ეს ჩემპიონატია. საერთოდ, მანუელ ნოიერის დიდი გულშემატკივარი ვარ და მისი თამაში ამ ევროზეც ყველაზე მეტად მომწონს.

ლაზარე კუპატაძეს საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული

POPSPORT: ისევ რუმინეთის ნაკრებთან მოგერიებულ ბურთს დავუბრუნდეთ. ძირითადად რამ განაპირობა ამ ურთულესი ბურთის მოგერიება - პოზიციის სწორად შერჩევამ, თუ ბოლო მომენტში ხელის მოძრაობა რეფლექსური იყო?

კუპატაძე: ახლა, როდესაც ამ ეპიზოდზე ვფიქრობ, პირველ რიგში მახსენდება, რომ იმ მომენტში მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი, სულ ბურთს ვუყურებდი და ჩემი გადაადგილებაც ბურთის მოძრაობის ტრაექტორიით იყო განპირობებული. ისეთი ეპიზოდი იყო, რომ წინასწარ რამის განსაზღვრა შეუძლებელი გახლდათ. იმის წყალობით, რომ ბურთს თვალს არ ვაშორებდი, დამაგვირგვინებელი დარტყმისას სწორი პოზიცია მეკავა. დანარჩენი უკვე რეაქციაზე იყო დამოკიდებული. როდესაც ეპიზოდის სწორად წაკითხვა ხდება, რეაქცია გადამწყვეტი ფაქტორია. ასე რომ, მთლიანობაში თუ განვიხილავთ, ერთი ფაქტორი გადამწყვეტი არ ყოფილა. ყველა შემდეგი მოქმედება, წინას გაგრძელება იყო.

25 წლის ლაზარე კუპატაძე ბათუმის დინამოში პირველ სეზონს ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის რიგებში იგი საბურთალოდან გადავიდა. კარიერის გარკვეული პერიოდი მას ლუქსემბურგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ჟენესის რიგებში აქვს გატარებული, თუმცა ნახევარ წელიწადში იგი თავის ყოფილ კლუბ საბურთალოს დაუბრუნდა. კუპატაძეს საქართველოს 21 და 19 წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 2 ივნისს, რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელიც ვილის სანიოლის გუნდმა 2:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები