Thumbnail

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში გაიმართება
  • იქამდე, ბაკურიანსა და გუდაურში ყოველ წელს გაიმართება მაღალი რანგის ტურნირები

2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, ბაკურიანში ჩატარდება.

ამის შესახებ საბერძნეთში, კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გახდა ცნობილი.

ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, საქართველომ განაცხადი 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ, ბაკურიანში საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა, რომელმაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა და როგორც ჩაბს, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ საქართველოს ამ მასშტაბის ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

საბერძნეთში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე:

“ქალბატონებო და ბატონები, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რამდენად ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 65%-70% დაფარულია მთებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ჩემპიონატი და ერთი სული გვაქვს, როდის გიმასპინძლებთ ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წელს” 

როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა სოფო ახმეტელმა გვაცნობა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ყოველ წელს უმასპინძლებს უმაღლესი რანგის შეჯიბრებებს სათხილამურო სპორტის ყველა სახეობაში როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში, რაც დაგვირგვინდება 2023 წელს ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატით.

სოფო ახმეტელი (სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი):

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მსოფლიოს ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებას. რაც არანაკლებ მნიშვნელიოვანია, მსოფლიოს ჩემპიონატი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ჩვენი ფედერაციისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩამოვლენ სპორტსმენები და ეს იქნება დიდი სპორტული დღესასწაული. გუდაურსა და ბაკურიანში მოეწყობა ზამთრის სპორტის სახეობებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა: ტრასები, ხელოვნური გათოვლიანება და ასე შემდეგ. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა”.

კომენტარები

ბოლო ამბები