Thumbnail

ალბათ ისევ იჯარა - ზურიკო დავითაშვილის პერსპექტივა რუბინში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზურიკო დავითაშვილი ყაზანის კლუბს იჯარიდან ახლახან დაუბრუნდა
  • 20 წლის ნახევარმცველს რუბინში დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს
  • ადგილობრივი მედია ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს 

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავენ, სეზონის განახლებისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება. კვარაცხელიას ევროპაში მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრი დაიწერა და მის განხორციელებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ელოდებიან, ამ რუსულ კლუბში დავითაშვილის მომავალი კი უფრო ბუნდოვანია. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები რუბინში ერთად, 2019 წლის ზაფხულში მივიდნენ. პირველი სეზონი დავითაშვილს უფრო ეფექტური გამოუვიდა, ვიდრე კვარაცხელიას, გუნდში ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ კი ისე მოხდა, რომ 2020/21 წლების სეზონში ხვიჩა რუბინის მთავარ ვარსკვლავად იქცა, ზურიკო კი იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაუშვეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვოლგოგრადის გუნდში აშკარად გამორჩეული იყო, დავითაშვილმა როტორში შედეგიანი მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინა - 22 მატჩში არცერთი გოლი და საგოლე პასი. როტორი გავარდა, ზურიკოს კი იჯარის ვადა გაუვიდა და ამ ზაფხულს რუბინს დაურუნდა. 

შესაძლოა რუბინი ამ ზაფხულს ხვიჩამაც დატოვოს და ზურიკომაც

ყაზანის კლუბში ზურიკო დავითაშვილის პერსპექტივაზე ადგილობრივი მედია წერს, საიდანაც ირკვევა, რომ  ლეგონერების სიმრავლისა და მის პოზიციაზე მაღალი კონკურენციის გამო, 20 წლის ქართველ ნახევარმცველს ლეონიდ სლუცკის გუნდში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება.  

"ამჟამად რუბინს 11 უცხოელი მოთამაშე ჰყავს, საიდანაც 8 უნდა დარჩეს. ერთ-ერთი, ვინც ამ სიას უნდა გამოაკლდეს, ზურიკო დავითაშვილია. რუბინი განიხილავს როგორც იჯარის მორიგ ვარიანტს, ისე ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობას", - წერს business-gazeta.

"გაშვების თვალსაჩინო კანდიდატი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილია. მას შეტევაში ფლანგზეც შუეძლია თამაში და თავდამსხმელის უკანაც, მაგრამ ამ პოზიციებზე რუბინს უკვე ჰყავს მოთამაშეები, უფრო ძლიერებიც და “კარგი პასპორტებით”. დიდი ალბათობით, დავითაშვილს არ გაყიდიან და მას იჯარით კიდევ ერთ შანსს მისცემენ", - წერს inkazan.

დავითაშვილის იჯარა როტორში წარმატებული არ გამოვიდა

ზურიკო დავითაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული. 20 წლის ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები