Thumbnail

სანკტ-პეტერბურგსა და კოპენჰაგენში დასრულდა ევრო 2020-ის B ჯგუფი. "პარკენზე" დანიის ნაკრები გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუსეთს დაუპირისპირდა. "გაზპრომ არენაზე" კი ბელგიის ნაკრები, რომელმაც 1/8 ფინალის საგზური წინა ტურში გაინაღდა, ფინეთს შეხვდა. კოპენჰაგენში დანიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით გაანადგურა რუსეთი - 4:1, ხოლო ბელგიამ ბოლოს გატეხა ლუკაშ ჰრადეცკი და ფინეთს 2:0 მოუგო. ამით ბელგიამ 9 ქულით მოიგო ჯგუფი, დანარჩენმა გუნდებმა 3-3 ქულა დააგროვეს, დანია მე-2 ადგილზეა და მერვედფინალში უელსს შეხვდება, ხოლო ფინეთი 3 ქულით მესამეა. რუსეთი ბოლოა და ჩარჩა. ამით კიდევ ერთი რამ გაირკვა - შვეიცარია მერვედფინალშია, რადგან უკვე ორი ჯგუფის მესამეადგილოსანს აჯობა (უკრაინას და ფინეთს).

"პარკენზე" პირველი საგოლე მომენტი ალეკსანდრ გოლოვინმა შექმნა, ის ორ მცველს გაცდა, მაგრამ კასპერ შმეიხელს ვერ გაუტანა. ამას დანიამ ჰოიბერგის შორეული დარტყმით უპასუხა, რომელიც ოდნავ ასცდა რუსთა კარს. 

გოლოვინის მომენტი, შმეიხელის 'სეივი'

38-ე წუთზე ისევ ჰოიბერგმა იაქტიურა, მისი პასით მიკელ დამსგაარდმა ანგარიში გახსნა, ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

ანგარიში მიკელ დამსგაარდმა გახსნა

59-ე წუთზე ზობნინის საშინელ შეცდომას იუსუფ პოულსენის გოლი მოყვა საფონოვის კარში. 70-ე წუთზე დანიის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც არტიომ ძიუბამ გამოიყენა. რუსებმა გაბრძოლება ვერ შეძლეს - კრისტენსენმა მათ კარში მესამე გოლი გაიტანა, ორ წუთში კი მეჰლემ მეოთხეც გაიტანა.

VAR-მა ლუკაკუს გული მინიმალური თამაშგარის გამო გააუქმა

მეორე მატჩის პირველ ტაიმში ერთი საგოლე მომენტი შეიქმნა - დოკუს დარტყმული ჰრადეცკიმ მოიგერია. მე-2 ტაიმში ჰრადეცკიმ არც ედენ აზარს გაატანინა. მალე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა ჰრადეცკის კარში, მაგრამ VAR-მა ეს გოლი მინიმალური თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მალე ჰრადეცკი გმირიდან ანტიგმირად იქცა, როცა ვერმალენის თავურის შემდეგ ავტოგოლი მიითვალა. მალე ლუკაკუმ მაინც შეძლო ფინელთა კარის დალაშქვრა.

TOP - ანდრეას კრისტენსენი (დანია)

25 წლის მცველმა სწორედ მაშინ გაიტანა, როცა რუსეთმა, თითქოს, მატჩის შემოტრიალებაზე დაიწყო ზრუნვა. ისედაც, დაცვაში მაგრად იდგა - 7 საჰაერო დუელი მოუგო რუს შემტევებს. ჩელსის მცველი შეტევებისთვისაც იცლიდა. 

FLOP - რომან ზობნინი (რუსეთი)

შეიძლება ითქვას, რომ მისმა "პასმა" იუსუფ პოულსენის მიმართულებით, დაშალა გუნდის შემართება, რასაც რუსეთის ნაკრების სრული განადგურება და ევროფიასკო მოჰყვა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 მიკელ დამსგაარდი ყველაზე ახალგაზრდა დანიელია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა - 20 წლის და 353 დღის.

📌 არტიომ ძიუბამ ეროვნულ ნაკრებში 30-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირ ალეკსანდრ კერჟაკოვს დაეწია.

📌 ევრო 2020-ზე უკვე 6 ავტოგოლი გავიდა, რაც უკვე ორჯერ მეტია წინა რეკორდზე

📌 დანიამ დიდ ტურნირებზე 4 და მეტი გოლი 1998 წლის მუნდიალის მერე (4:1 ნიგერიასთან) პირველად გაიტანა.

რუსეთი 1:4 დანია

რუსეთი (5-4-1): საფონოვი - ფერნანდეში, დივეიევი, ჯიქია, კუდრიაშოვი (67. კარავაევი), კუზიაევი (67. მუხინი) - მირანჩუკი (61. სობოლევი), ოზდოევი (61. ჟემალეტდინოვი), ზობნინი, გოლოვინი - ძიუბა 

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი - ვასი (60. სტიგერ ლარსენი), ჰოიბერგი, დილეინი (86. იენსენი), მეჰლე - ბრაიტვაიტი (85. კორნელიუსი), პოულსენი (60. დოლბერგი), დამსგაარდი (72. ნორგაარდი) 

ფინეთი 0:2 ბელგია

ფინეთი (5-3-2): ჰრადეცკი - რაიტალა, ტოივიო, არაიური, ო'შონესი, ურონენი (70. ალჰო) - ლოდი (91. ფორსი), სპარვი (59. შულერი), კამარა - პოჰიანპალო (70. კაუკო), პუკი (91. იენსენი)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ბოიატა, დენაიერი, ვერმალენი - ტროსარი (76. მონიე), დე ბრუინი (91. ვანაკენი), ვიტსელი, შადლი - დოკუ (76. ბაჩუაი), ლუკაკუ (84. ბენტეკე), ე. აზარი 

კომენტარები

ბოლო ამბები