Thumbnail

'დავბრუნდი და ბედნიერი ვარ!' - ჯოვინო ტორპედოსთან განაცხადში იქნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმს ფლამარიონ ჯოვინო დაუბრუნდა
  • ბრაზილიელი ქუთაისის ტორპედოსთან სათამაშოდ ემზადება

ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმშია და საქართველოს ჩემპიონატში სათამაშოდ ემზადება!

24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ბათუმურ კლუბში ვოლგოგრადის როტორიდან დაბრუნდა - მისი იჯარა ამოიწურა. ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში, რომელშიც დინამო ბათუმი ქუთაისის ტორპედოს სტუმრად ეთამაშება, ჯოვინო გია გეგუჩაძის გუნდის განაცხადში იქნება და დიდი ალბათობით, ითამაშებს კიდეც. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბათუმში დაბრუნებით ბედნიერია და აცხადებს, რომ დინამოსთვის მაქსიმუმს გააკეთებს.

ფლამარიონ ჯოვინო: "ბედნიერი ვარ! დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს და მის გულშემატკივრებს. შემიძლია, დინამო ბათუმში ისევ ვითამაშო და გულშემატკივრები გავახარო. იმედი მაქვს, ტორპედოსთან ვითამაშებ და ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო, გუნდს ქულების მოპოვებაში დავეხმარო.

გუნდში ჩემს არყოფნაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს ნორმალურია. როდესაც გუნდს დიდი შედეგების მიღწევა სურს, ვფიქრობ ეს ბუნებრივი პრაქტიკაა. რაც შეეხება ახალ არენას: ის ძალიან ლამაზია! წარმომიდგენია, საშინაო მატჩებზე როგორი გარემო იქნება. დინამო ბათუმთან კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე მაკავშირებს და თუ არაფერი შეიცვალა, ვაპირებ, რომ აქ მის ამოწურვამდე დავრჩე. კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტს პატივს ვცემ."

ჯოვინომ როტორის რიგებში რუსეთის პრემიერლიგაში 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა. დინამო ბათუმში ბრაზილიელი 2017 წელს გამოჩნდა და 96 თამაშში 45 გოლი აქვს გატანილი, მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. დინამო ბათუმისა და ტორპედოს მატჩი 22 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები