Thumbnail
  • 📅 22 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ჩეხეთი V ინგლისი  | 📺 1 არხი
  • ჩეხეთის ნაკრებს პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც აწყობს
  • ინგლისმა თამაშის ხარისხი უნდა გამოასწოროს
  • კეინისა და შიკის დუელი მატჩს უფრო საინტერესოს ხდის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო ტურის წინ თითქმის ყველაფერი გასარკვევია, თუმცა ამ ორმა ნაკრებმა დაპირისპირებამდე 24 საათით ადრე უთამაშებლად გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ასე რომ, წაგების შემთხვევაში, რომელიმეს ჯგუფში ჩარჩენა აღარ ემუქრება! 

განსაკუთრებით საინტერესო ინგლისისა და ჩეხეთის დაპირისპირებაა, რომელმაც ჯგუფის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ჩეხებს პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც აწყობთ, გარეთ საუთგეიტის გუნდს კი მხოლოდ მოგება სჭირდება. ამ თამაშის პარალელურად, ხორვატიის ნაკრები შოტლანდიას ეთამაშება და ესეც არანაკლებ დამაინტრიგებელი თამაშია - მერვედფინალში გასვლის შანსი ორივეს აქვს.

ჩეხები ალბათ უფრო ფრთხილად ითამაშებენ, რადგან ფრეც აწყობთ, გარეთ საუთგეიტის გუნდს კი, თუ ჯგუფის მოგებას სურს, ეს თამაში აუცილებლად მოსაგები აქვს. ინგლისი კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე ძალიან მძიმედ და არასანახაობრივად თამაშობს. ხორვატიასთან მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, საუთგეიტის გუნდმა შოტლანდიასთან კიდევ უფრო ცუდი თამაში აჩვენა (0:0). ბევრად უკეთ გამოიყურებიან ჩეხები, რომლებმაც ჯერ შოტლანდიას 2:0 მოუგეს, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან 1:1 ითამაშეს.

ჩეხეთიდან განსაკუთრებით პატრიკ შიკი უნდა გამოვყოთ. გუნდმა ამ ევროზე უკვე 3 გოლი გაიტანა და სამივე შიკის ანგარიშზეა. საპირისპიროდ, ცუდ ფორმაშია ინგლისელთა გოლეადორი ჰარი კეინი, რომელსაც ინგლისური პრესა ძალიან აკრიტიკებს.

პარტიკ შიკი ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა

პატრიკ შიკი (ჩეხეთის ნაკრების ფორვარდი): "4 ქულა გვაქვს, რის გამოც ძალიან კარგ პოზიციაში ვართ. ვიცით, რომ ინგლისს უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს. პირველ თამაშებში მათ ბევრი შანსი არ შეუქმნიათ, შესაძლოა, შეტევაში ბევრს არ ინდომებენ, თუმცა გუნდურად თამაში ყოველთვის უჭირთ. რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვება გვსურს." 

ეს ორი გუნდი ამ ევროს საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ საუთგეტის გუნდმა ჩეხეთი "უემბლიზე" 5:0 გაანადგურა, მეორე შეხვედრაში კი ინგლისელები 1:2 დამარცხდნენ. ამის გარდა, გუნდები ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ და მაშინ 2:2 დაფიქსირდა.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, პრაღაში ჩვენი მარცხი უფრო აქტუალურია, ვიდრე უემბლიზე 5:0 მოგება. ჩეხეთის ნაკრები პრაღაში განსხვავებული იყო, ვიდრე ლონდონში თამაშის დროს. ვიცით, როგორ თამაშობენ. რამდენიმე ჩეხი ფეხბურთელი პრემიერლიგაშია და გასულ სეზონში ისინი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ."

 საინტერესო ფაქტები

⚽ ინგლისისა და ჩეხეთის დაპირისპირებებში მინიმუმ 2.5-ზე მეტი გოლი გადის.

⚽ პატრიკ შიკმა ევროზე ჩატარებული 2 მატჩიდან ორივეში გაიტანა.

⚽ ჩეხეთმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა, სამივე შიკის ანგარიშზეა.

⚽ 2019 წლის მარტის შემდეგ ინგლისმა 13 მატჩში მხოლოდ 14 გოლი გაუტანა ფიფას რეიტინგის ტოპ 50-ში მყოფ ნაკრებს.

⚽ ინგლისმა მიმდინარე ევროზე ჩატარებული 2 მატჩიდან ორივეში კარი მშრალად შეინახა.

⚽ საერთო ჯამში საუთგეიტის გუნდი 4 თამაშია, გოლს არ უშვებს.

⚽ საუთგეიტის გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო.

⚽ ბრიტანელებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

⚽ ჩეხეთის ნაკრები 3 მატჩია, არ აგებს.

⚽ ჩეხებმა ბოლო 10 შეხვედრიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 3-ჯერ შეძლეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, კალასი, ჩელუსტკა, ბორჟილი - ჰოლეში, სოუჩეკი - მასოპუსტი, დარიდა, იანკტო - შიკი.

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - ჯეიმსი, სტოუნსი მინგსი, ჩილველი - პილიფსი, რაისი, მაუნტი - სტერლინგი, კეინი, გრილიში.

კომენტარები

ბოლო ამბები