Thumbnail
  • AS-ის ცნობით, კატალონიელები ფრანგთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ
  • თუ გადასვლას გადაიფიქრებს, ანტუანს ბარსელონისთვის 20 მილიონის გადახდა მოუწევს

ბარსელონა ატლეტიკოს თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა და დიდი ალბათობით, გარიგების შესახებ ოფიციალურად უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს. 

როგორც AS იუწყება, ამჟამად კატალონიური კლუბი ფრანგ ფორვარდთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

ამ დროისთვის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ტრანსფერის განხორციელებას ხელი შეუშალოს, თავად გრიზმანია.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიაში გადაბარგებასა და ბარსელონასთან კონტრაქტის გაფორმებას გადაიფიქრებს, ფრანგ ფეხბურთელს კატალონიელებისთვის ჯარიმის სახით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს მხარეებს შორის წინასწარ გაფორმებულ შეთანხმებაშია გათვალისწინებული.
  
რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, ბარსელონა მზადაა, გრიზმანის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადოს და კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ატლეტიკოსთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, ბარსელონას სხვა გზა არ დარჩება და ფეხბურთელის გამოსასყიდად დადგენილ 100 მილიონ ევროს გადაიხდის.

27 წლის ფრანგს ატლეტიკოსთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მადრიდულ კლუბს კი ფეხბურთელის გაშვება არ სურს. 
 
მანამდე ატლეტიკომ უკმაყოფილება გამოთქვა ბარსელონას ქმედებების გამო გრიზმანთან დაკავშირებით.

ანტუან გრიზმანის დუბლით ატლეტიკომ ევროპალიგის ფინალში მარსელი დაამარცხა (3:0) და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები