Thumbnail

წლის საუკეთესო მაჩვენებელი - ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 28-ე ჩოგანი გახდა
  • ის ისტბორნის ტურნირს ტოვებს და უიმბლდონზე ითამაშებს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა და 1 985 ქულით 28-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც წლეულს მისი საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა საკმაოდ წარმატებით ითამაშა გერმანიის ქალაქ ჰალეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო). ნიკამ Noventi Open-ზე ფრანგები ჟილ სიმონი და არტურ რინდერკნეხი და სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც რუს ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა.

როგორც აღვნიშნეთ, 28-ე საფეხური ბასილაშვილისთვის მიმდინარე წელს უმაღლესი მაჩვენებელია და მეტიც, ამაზე უკეთეს პოზიციაზე შარშან აგვისტოს მერე არ ყოფილა. მაშინ ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 27-ე ჩოგანი იყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილია, რაც 2019 წლის მაისში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ჰალეს შემდეგ ნიკა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, ისტბორნის ტურნირზე თამაშს გეგმავდა, თუმცა, იქიდან მოხსნა გადაწყვიტა და ახლა, პირდაპირ უიმბლდონზე ვიხილავთ, რომელიც წლეულს 28 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან უიმბლდონი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2019 წელს კი ბასილაშვილმა ლონდონში მხოლოდ 1 წრის გავლა მოახერხა: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჯეიმს უორდს 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 სძლია, რასაც კიდევ ერთ მასპინძელ დენ ევანსთან მარცხი მოჰყვა – 3:6, 2:6, 6:7 (2:7).

კომენტარები

ბოლო ამბები