Thumbnail

5 ბრძოლა 5 თვეში და UFC-ის ქამარი - გიგა ჭიკაძის ამბიციური გეგმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ქართველი მებრძოლი ნახევრად მსუბუქ წონაში ქამრის მოპოვებას გეგმავს
  • გიგამ ის მეტოქეები ჩამოთვალა, რომლებთანაც ოქტაგონზე შეხვედრა წელს სურს
  • ხუთ თვეში ხუთი ბრძოლა UFC-ში ჯერ არავის ჩაუტარებია 

გიგა ჭიკაძე, რომელიც ამჟამად UFC-ის ოფიციალურ რეიტინგში ნახევრად მსუბუქი წონის ათეულშია,  წლის ბოლომდე საჩემპიონო ქამრის მოპოვებაზე ოცნებობს და ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად თავის გეგმასაც ასაჯაროებს. 

32 წლის ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მეტოქეები ჩამოთვალა, რომლებთანაც ოქტაგონზე შეხვედრა უახლოს მომავალში სურს, რათა დეკემბერში სატიტულო ბრძოლა მიიღოს.

ჩამონათვალში რეიტინგში გიგას წინ მყოფი ხუთი მებრძოლია, რომლებთანაც ჭიკაძეს შეხვედრა ამ თანმიმდევრობით სურს: ივლისში - მექსიკელ იარი როდრიგესთან, აგვისტოში - ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან, სექტემბერში - კორეელ ჩჰან სონ ჩონთან, ოქტომბერში - ამერიკელ კელვინ კატართან, ნოემბერში - მაქს ჰოლიდეისთან. ჭიკაძის კალენდარში ქამრისთვის ბრძოლა დეკემბერშია ჩანიშნული.

გიგა ჭიკაძის პოსტს საიტი sportskeeda.com სტატიით გამოეხმაურა.

"ქართველ მებრძოლს დეკემბერში ქამრის მოგება სურს. შესაძლოა, ეს მეტისმეტად ამბიციურად ჩანდეს, რადგან ის რეიტინგში მეათეა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ოცნებას ახდენა ძალიან სურს.

ჭიკაძემ ტვიტერში ხუთი მეტოქე ჩამოთვალა, რომლებთან მოგების შემთხვევაში, დეკემბერში სატიტულო ბრძოლას მიიღებს. თუმცა, ჯერ არცერთ მებრძოლს ჩაუტარებია ხუთ თვეში ხუთი ბრძოლა…

მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა მეტისმეტად ამბიციური და რეალურად, განუხორციელებელია, ჭიკაძის მონდომება და მზადყოფნა, რაც შეიძლება ხშირად გავიდეს ოქტაგონზე, მისასალმებელია". 

გიგა ჭიკაძეს, რომელიც UFC-ში 2019 წლიდან გამოდის, აქამდე გამართული ექვსივე ბრძოლა მოგებული აქვს. გიგა ოქტოგანზე ბოლოს 2 მაისს გავიდა და 63 წამში ამერიკელი ქაბ სვონსონი დაანოკაუტა, რის შედეგადაც ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის TOP 10-ში აინაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები