Thumbnail
  • ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის სიმბოლური, მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა
  • მეორე წრის სიმბოლურ გუნდში დინამო ბათუმის ოთხი ფეხბურთელი მოხვდა

საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები, მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში, რომელიც 4-3-3 სქემითაა წარმოდგენილი, ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმის ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი მოხვდა: მეკარე ლაზარე კუპატაძე, ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი, თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია და ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოდის, თუმცა მეორე წრეში ტრავმებით გამოწვეული გადაადგილებების გამო, ხშირად დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. მათ გარდა, საუკეთესო 11-ეულში ორ-ორი ფეხბურთელი დინამო თბილისიდან და საბურთალოდან, თითო კი თბილისის ლოკომოტივიდან, წყალტუბოს სამგურალიდან და ქუთაისის ტორპედოდან მოხვდა.

⚽️⭐️ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდი.

Posted by ეროვნული ლიგა on Monday, June 21, 2021


ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად ბათუმელთა თავკაცი გია გეგუჩაძე დასახელდა, საუკეთესო მოთამაშე კი - დინამო ბათუმის მეკარე ლაზარე კუპატაძე.

ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმის მეკარე): "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დავსახელდი.  კარგად მიდის ყველაფერი, გუნდში სიტუაცია დალაგებულია და მთლიანი გუნდის და გუნდურობის შედეგია ეს ყველაფერი. მეორე წრეში იყო ბევრი სეივი, ბევრი "მშრალი" მატჩი, მქონდა საგოლე გადაცემაც და ალბათ, გარკვებული როლი ამანაც ითამაშა იმაში, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დავსახელდი".

ჩემპიონატის მეორე წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან, გია გეგუჩაძის გუნდმა 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. ამ მატჩებში ლაზარე კუპატაძის კარში მხოლოდ 10 ბურთი გავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. ლაზარე რომ საუკეთესოა, ამაში ეს ვიდეო კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბათუმის ნახევარმცველი): "პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, რომ ეს შესაძლებელი გახადა და შემდეგ მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მათ გარეშე ამ აღიარებას ვერ მივიღებდი. შევეცდები, მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო კარგად წარმოვაჩინო თავი და გუნდის გამარჯვებებში ჩემი წვლილი შევიტანო".

საქართველოს ეროვნულ ლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ, დინამო ბათუმს 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დინამო თბილისთან ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით ლიდერობს. მომავალ, მე-19 ტურის მატჩს ბათუმელები 22 ივნისს, სტუმრად ქუთაისის ტორპედოსთან ჩაატარებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები