Thumbnail

საკრამენტოში World's Strongest Man 2021 დასრულდა და პლანეტის უძლიერესი მამაკაცი გამოვლინდა. მსოფლიოს ჩემპიონი 45.5 ქულით ბრიტანელი ტომ სტოლტმანი გახდა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. შარშან ბრიტანელმა სპორტსმენმა მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი შედეგის გაუმჯობესება შეძლო.

ქართველმა სტრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მე-6 პოზიციაზე დაასრულა. "ქართველ ხარს" მესამე ადგილამდე ცოტა დააკლდა - იგი კანადელ მაქსიმ ბუდროს 4 ქულით ჩამორჩა. ეს კარგი მიღწევაა იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც “ქართველმა ხარმა” ცოტა ხნის წინ გადაიტანა. როგორც იცით, ჯანაშია World’s Strongest Man-ზე ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ფინალური ეტაპის პირველ დღეს ჯანაშიამ ერთ-ერთ დისციპლინაში ახალი რეკორდის დამყარება შეძლო, რაც განსაკუთრებული მიღწევაა. "ქართველმა ხარმა" 7,26 მეტრზე “კასრის გადაგდებაში” ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 

ტურნირის ფინალური ეტაპი 2-დღიანი იყო, სადაც 10 სტრონგმენი ერთმანეთს ტიტულისთვის ეჯიბრებოდა. საერთო ჯამში სპორტსმენებს 6 მოძრაობის შესრულება ევალებოდათ. პირველი დღის შემდეგ "ქართველი ხარი" მე-4 ადგილზე იყო, საბოლოოდ კი ტურნირი 32,5 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა.

'ქართველ ხარს' მე-3 ადგილამდე ცოტა დააკლდა

"2-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ჩემთვის ნორმალური შედეგია, თუმცა კმაყოფილი არ ვარ, რადგან შემეძლო, საუკეთესო სამეულში მოვხვედრილიყავი, მარგამ ამისთვის ძალები არ მეყო", - განაცხადა ჯანაშიამ ტურნირის დასრულების შემდეგ.

World's Strongest Man 2021-ის ფინალის შედეგები

1. ტომ სტოლტმანი (დიდი ბრიტანეთი) - 45,5 ქულა
2. ბრაიან შოუ (აშშ) - 42,5
3. მაქსიმ ბუდრო (კანადა) - 36,5
4. ტრეი მიტჩელი (აშშ) - 35
5. ჯეი ეფ კარონი (კანადა) - 34
6. კონსტანტინე ჯანაშია (საქართველო) - 32,5
7. ლუკ სტოლტმანი (დიდი ბრიტანეთი) - 32
8. ადამ ბიშოპი (დიდი ბრიტანეთი) - 27
9. ბობი ტომპსონი (აშშ) - 23,5
10. ეითორ ინგოლფსონ მელსტერი (ისლანდია) - 20,5

კომენტარები

ბოლო ამბები