Thumbnail

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში უელსის ნაკრები მატეო პესინას გოლით 1:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩის შემდეგ კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ და ფეხბურთელებმა გააკეთეს. ყველა მათგანმა ხაზი ერთ გარემოებას გაუსვა: იტალიის ნაკრებში არ არსებობს ყველა მოთამაშე ერთნაირად მნიშვნელოვანია.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ყველამ, ვინც ითამაშა, თავი კარგად წარმოაჩინა და ეს უნდა დავაფასოთ. გამარჯვება დავიმსახურეთ. ბევრი მოთამაშე შევცვალეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილისთვის გადამწყვეტი მატჩი იყო. გვჭირდებოდა ყველას ეთამაშა, რომ თამაშში ახალი ძალები შეგვეტანა. ვინმეს შემადგენლობის მიღმა დატოვება ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ელემენტზე დაყრდნობა შეგვეძლოს. შესანიშნავი მენტალიტეტი გვაქვს, უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელიცაა. ჩვენ შეგვეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ ისინი თავს მთელი მატჩის განმავლობაში იცავდნენ. არ იყო ადვილი და მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, რომ როტაცია მნიშვნელოვანი იყო. დღეს ყველამ დაამტკიცა, რომ ისინი ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან. ეს იყო თამაში, რომლის მოგება გვინდოდა, ყველა ფეხბურთელმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ჩვენთან არ არსებობენ ძირითადი შემადგენლობის წევრები, უბრალოდ არსებობს 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის".

მარკო ვერატი: "როდესაც რაღაცას ვამბობთ, არ ვამბობთ მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაც ვთქვათ! ეროვნული ნაკრები ყველას ეკუთვნის და დღეს ვინც ითამაშეს, დაამტკიცეს, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან. უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი გუნდი ვართ. კლუბში სხვა სიტუაციაა, უფრო რთულია კონკურენციასთან შეგუება, აქ მხოლოდ სიამოვნებაა ამ მაისურის ტარება და ამ ტურნირზე თამაში. მანჩინი ბედნიერი უნდა იყოს, რადგან გაუმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები ჰყავს, ვინც თამაშობს ან არ თამაშობს. არავინ ლაპარაკობს, 26-ვე მოთამაშე ძირითადის წევრები ვართ. ეს არის სულისკვეთება, რომელიც სწორია, ნაკრებში ვერ იქნები ეგოისტი, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ერი და ეს, მხოლოდ პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდან არც კი ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, მადლობა უნდა გადავუხადო პსჟ-ს სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მომცა საშუალება გამოვჯანმრთელებულიყავი და მწვრთნელს, რომელიც მელოდა. ბედნიერი ვარ ჩემი თავისა და გუნდის გამო. "ოლიმპიკომ“ დიდი ემოციები მოგვანიჭა, სტადიონზე ხალხის დანახვა ფანტასტიკური იყო. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, პირველი მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა იყო, ახლა მერვედფინალზე ვიფიქრებთ".

ფედერიკო კიეზა: "ყველა ფეხბურთელმა, რომელიც მწვრთნელის განკარგულებაშია, დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა მინდორზე ვინ გადის, მთლიანად გუნდს შეუძლია მატჩში ცვლილების შეტანა და თამაშიც ყველასთან შეგვიძლია. ვცხოვრობთ ოცნებით, რომელსაც ბოლომდე მივყვებით. ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე თუ ვფიქრობ? რა თქმა უნდა!".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 1/8-ფინალში 26 ივნისს, ლონდონში უკრაინის ან ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "სკუადრა აძურამ" A ჯგუფიდან გასვლა 9 ქულით და გოლგაუშვებლად მოახერხა. რობერტო მანჩინის გუნდს 30 თამაშია არ წაუგია და ვიტორიო პოცოს 1935-1939 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

კომენტარები

ბოლო ამბები