Thumbnail

'ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა' - რევაზ ინჯგია აპოლონში წარადგინეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რევაზ ინჯგია აპოლონში 13 ნომრით ითამაშებს
  • ქართველმა ფეხბურთელმა ტრანსფერზე პირველად ისაუბრა

ლიმასოლის აპოლონმა ქართველი ნახევარმცველი რევაზ ინჯგია ოფიციალურად წარადგინა. 20 წლის ფეხბურთელი უკვე კვიპროსშია და ლიმასოლელთა რიგებში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ინჯგიას თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდში თავი დაიმკვიდროს და მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. "ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ჩარიცხვით. პირველად მიწევს საქართველოს მიღმა თამაში და ეს ჩემთვის გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აპოლონს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, მაგრამ ლიმასოლი მშვენიერი ქალაქია, მშვიდი ცხოვრებით. თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. შემიძლია მარჯვენა ფლანგზე შემტევად თამაში, ასევე თავდამსხმელის უკან, გამოვირჩევი სისწრაფით და ცარიელ სივრცეებში მოძრაობით. ჩემი მიზანია აპოლონში განვითარება და დასახული მიზნების მიღწევა", - თქვა ინჯგიამ.

ინჯგია ბოლოს თელავში თამაშობდა

20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა აპოლონთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი თელავში დაიწყო, რომლის მაისურით 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა.

აპოლონში ინჯგია მეორე ქართველი ფეხბურთელია. ლიმასოლელთა რიგებში გიორგი პაპუნაშვილიც თამაშობს. აპოლონი გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 54 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ ომონიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები