Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელებმა კლუბები გამოიცვალეს
  • ფრენკამპი რუსულ ზენიტში გადადის, მაკფადენი კი ესპანური მურსიას წევრი გახდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კონერ ფრენკამპი კარიერას ევროლიგის ბინადარ სანკტ-პეტერბურგის ზენიტში გააგრძელებს, ესპანურ მურსიაში მის ადგილს კი, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი თად მაკფადენი დაიკავებს. ამ ინფორმაციას Eurohoops.net ავრცელებს.

25 წლის ფრენკამპი გასულ სეზონში საშუალოდ 26 წუთში 15.7 ქულას, 3.5 პასს და 2.2 მოხსნას აგროვებდა და შედეგიანობის მხრივ, ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ გიორგი შერმადინს (16.5), ალეკსა ავრამოვიჩსა (16.4) და მელო ტრიმბლს (16.4) ჩამორჩა. მურსიაში გადასვლამდე, კონერს ბერძნულ რეტიმნოსა და ბულგარულ ბეროეში უთამაშია, ამდენად, ევროლიგაში დებიუტი ექნება. საინტერესო, რომ მან ზენიტში კანადელი კევინ პანგოსი უნდა შეცვალოს, რომელსაც თორნიკე შენგელიას ცსკა ეპატიჟება.

შეგახსენებთ, რომ ფრენკამპი ილიას ზუროსის გუნდში ევრობასკეტის დასკვნითი საკვალიფიკაციო ფანჯრისთვის გამოჩნდა, თუმცა, წარუმატებელი სტარტი გამოუვიდა, რადგანაც 19 თებერვალს სერბეთთან გამართულ მატჩშივე დაშავდა. მაშინ კონერმა მოედანზე 19:34 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა კალათბურთელმა მოედანზე დაბრუნება მაისის შუაწელსღა მოახერხა.

მურსიელებმა ფრენკამპის შემცვლელი მალევე იპოვეს და ის სან პაბლო ბურგოსის ვეტერანი უკანახაზელი თად მაკფადენია. 34 წლის მცველს საკმაოდ კარგი სეზონი (საშუალოდ 13.6 ქულა, 2.2 პასი, 1.4 მოხსნა) ჰქონდა და ბურგოსელებმა ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა, მან ახალი გამოწვევა არჩია.

შეგახსენებთ, რომ მაკფადენს ევრობასკეტის გასულ შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებში დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული. მან შვეიცარიასთან მატჩში 24 ქულა ჩააგდო, საუკეთესო თამაში კი ბელგრადში ჩაატარა, როდესაც 33 ქულა მოაგროვა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა სერბეთს 94:90 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები