Thumbnail
  • 1/8 ფინალურ ეტაპზე 3 ნაკრები ნაადრევად გავიდა: იტალია, ბელგია და ნიდერლანდები
  • ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა, პლეი ოფის შანსს ყველა ინარჩუნებს

ევრო 2020-ზე ჯგუფური ეტაპის ორი ტური დასრულდა. ვნახოთ, როგორი მდგომარეობაა ჯგუფებში ბოლო ტურის წინ. შეგახსენებთ, რომ 6 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადის, რომელთაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატება და მერვედფინალურ წყვილებს შექმნის. 

1/8 ფინალის საგზური სამ გუნდს აქვს - A, B და C ჯგუფებიდან, თუმცა მათ შორისაც განსხვავებული სიტუაციაა. A-ში იტალიის ნაკრებს 6 ქულა აქვს, მაგრამ ამ ჯგუფში პირველი ადგილის ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. B-ში იმის შანსიც კი არის, რომ 6-ქულიანი ბელგია მესამეზე გავიდეს, მაგრამ მათემატიკურად შეუძლებელია, რომ ეს გუნდი ორ უარეს მესამეადგილოსანში მოხვდეს. ასე რომ, ბელგიაც მერვედფინალშია. აი, C ჯგუფის ლიდერმა 6 ქულით, ნიდერლანდებმა პირველი ადგილიც გაინაღდა. 

ნიდერლანდების ნაკრები ისვენებს, მათ 1/8 ფინალი განაღდებული აქვთ

მხოლოდ ერთი ნაკრებია, რომელმაც ყოველგვარი შანსი დაკარგა პლეი ოფში გასვლის, ბოლო ტურსაც ითამაშებს და შინ დაბრუნდება. ეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია უქულოდ. ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის გადამწყვეტი პლეი ოფი მოუგო თბილისში 1:0 და ევროზე მის ნაცვლად წავიდა. 

გუნდები (გარდა პლეი ოფში უკვე გასულებისა), რომელთაც მინიმუმ მე-3 ადგილი გაინაღდეს: უელსი (4 ქულა); უკრაინა (3); ავსტრია (3); ჩეხეთი (4), ინგლისი (4); შვედეთი (4) და საფრანგეთი (4). რა თქმა უნდა, ამ გუნდებისთვის ბოლო ტურს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ შვიდეულიდან, რომელიმე პლეი ოფს მიღმა დარჩეს - ყველაზე მეტად ეს მოსალოდნელია C ჯგუფში, სადაც 3-ქულიანი ავსტრია და უკრაინა ერთმანეთს ხვდებიან და დამარცხებული უარესი მესამეადგილოსნის "პერსპექტივის" წინაშე დგება. 

თურქეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც აღარ აქვს შანსი ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასვლის, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. 

დღეს, რომელ ადგილებზეც არიან, ასე რომ დასრულდეს ჯგუფური ეტაპი - უარესი ორი მესამეადგილოსანი ხორვატია და შვეიცარია იქნებოდა. 

უკვე ცნობილია, რომ 1/8 ფინალს ნიდერლანდების ნაკრები 27 ივნისს ბუდაპეშტში "პუშკაშ არენაზე" გამართავს, მეტოქე, რომელიმე მესამეადგილოსანი იქნება D, E და F ჯგუფებიდან. 

3-3 გოლით ევრო 2020-ის ბომბარდირთა დავაში ჩეხი პატრიკ შიკი და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო ლიდერობენ. 2-2 გოლი გაიტანეს: რომელუ ლუკაკუმ (ბელგია), ჩირო იმობილემ, მანუელ ლოკატელიმ (ორივე - იტალია), დენზელ დუმფრისმა (ნიდერლანდები), რომან იარემჩუკმა და ანდრიი იარმოლენკომ (ორივე - უკრაინა).

კომენტარები

ბოლო ამბები