Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მე-2 ტურში გერმანიის ნაკრებმა პორტუგალიას მიუნხენში 4:2 მოუგო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე ევროზე პირველად დამარცხდა და ბოლო ტურის წინ არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თამაში პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელა ფერნანდო სანტუშმა და ფეხბურთელებმა შეაფასეს. სანტუშმა თქვა, რომ გერმანიამ გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

ფერნანდო სანტუში (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "თამაში კარგად დავიწყეთ, კარგი ორგანიზებულობით, შეტევაში ურთიერთკავშირი იყო. კარგად გამოვიყენეთ კონტრშეტევა. თუმცა, შემდეგ გერმანია უკეთესი იყო. კონტრშეტევაზე მეორე შანსიც გვქონდა და გოლის გატანა შეგვეძლო, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. ვცდილობდით თამაშის შეცვლას, მაგრამ მე-3 და მე-4 გოლები გავუშვით. შემდეგ გუნდი კვლავ ცდილობდა რეაგირებას, შევამცირეთ სხვაობა, გვქონდა ერთი-ორი საგოლე მომენტიც, მაგრამ გერმანიამაც შექმნა სახიფათო მომენტები. გერმანიამ სამართლიანად მოიგო. ჩვენ ამ თამაშს უნდა ვუყუროთ და გავარკვიოთ, რატომ წავაგეთ, რადგან წინ საფრანგეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია".

ჟოაო მოუტინიო: "შედეგი ჩვენთვის არასასურველია. ზოგჯერ გერმანელთა წინააღმდეგ ვერ ვიბრძოდით სათანადოდ, მაგრამ ამ თამაშიდან პოზიტიური საკითხები უნდა გამოვიყენოთ. გერმანიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც ხაზებს შორის თამაშობდნენ. პრესინგის თავს ვერ ვაღწევდით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ".

დანილო პერეირა: "მძიმე შედეგია, კარგად ვერ გავუმკლავდით გერმანელთა ტაქტიკას. ისინი ბურთს ფლობდნენ და ჩვენს ნახევარზე თამაშობდნენ. მეორე ტაიმში რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ საკმარისი არ იყო".

რენატო სანშეში: "წავაგეთ, მაგრამ გოლის გატანის შანსები ჩვენც გვქონდა. ეს იყო თამაში ორ დიდ გუნდს შორის. შედეგი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ვფიქრობ, სხვაობის შემცირების კარგი შანსი გვქონდა. მიუხედავად იმისა, დავიწყებ თუ არა თამაშს ძირითად შემადგენლობაში, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ".

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები 4 ქულით ლიდერია, გერმანიას და პორტუგალიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უნგრეთი 1 ქულით ბოლო ადგილზეა. მე-3 ტურში საფრანგეთი-პორტუგალიას და გერმანია-უნგრეთს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები