Thumbnail

მიუნხენის "ალიანც არენაზე" F ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გულშემატკივარმა ბრწყინვალე მატჩი იხილა, ლიოვის გუნდი სჯობდა მეტოქეს, მართალია, პირველმა გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის სხვა მატჩში სენსაცია დაფიქსირდა, უნგრეთმა და საფრანგეთმა 1:1 ითამაშეს. "სიკვდილის ჯგუფს" 4 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ლიდერობს. გერმანიის ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უნგრეთს - 1.

იოახიმ ლიოვმა პირველი თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება საერთოდ არ განახორციელა. მას მხარი აუბა ფერნანდო სანტუშმაც, რომელმაც ასევე უცვლელი 11-ეული გაიყვანა მინდორზე.

VAR-მა გოზენსის ეს გოლი გააუქმა

გერმანიის ნაკრებმა იერიშებით დაიწყო და, თითქოს, მიზანსაც მალე მიაღწია - გოზენსმა მე-5 წუთზე გაიტანა, მაგრამ VAR-მა გნაბრი თამაშგარე მდგომარეობაში შენიშნა და გოლი გაუქმდა. ამის მერეც, გერმანიის შეტევები გაგრძელდა, სახიფათო იყო ჰავერტცის შორეული დარტყმაც. 

კრიშტიანომ ანგარიში გახსნა

გოლი კი საპირისპირო კარში გავიდა - კრიშტიანო რონალდომ კონტრშეტევა წამოიწყო და თავადვე დაასრულა. საგოლე პასი დიოგო ჟოტას ანგარიშზეა.

გერმანიის ნაკრებმა შესანიშნავი კომბინაციით გაათანაბრა - კიმიხმა მარჯვნიდან გოზენსი მოძებნა საპირისპირო ფლანგზე, რომლის პასის შემდეგაც კაი ჰავერტცსა და რუბენ დიაშს შორის ბრძოლაში გოლი გავიდა - 1:1. ეს თუ საკამათო ეპიზოდი იყო (თუ ვინ გაიტანა გოლი), 4 წუთის მერე გერმანელებმა უკვე აშკარა ავტოგოლის წყალობით გაიტანეს - კიმიხის ჩაწოდებულს, გერეირომ აუღებელი დარტყმით დაამატა - 1:2. ტაიმი გერმანიის შეტევებთან ერთად დასრულდა.  

ჰავერტცი ზეიმობს გოლს, რომელიც რუბენ დიაშს ავტოგოლად გაუფორმდა

შესვენებაზე სანტუშმა ბერნარდო სილვა გაიყვანა და სანშეში გამოიყვანა, მაგრამ არც ამან უშველა პორტუგალიის ნაკრებს - გოზენსის პასით კაი ჰავერტცმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მე-60 წუთზე პატრისიოს კარში მე-4 გოლი გავიდა, კიმიხმა ჩააწოდა და გოზენსმა თავით შეაგდო. 

გოზენსის თავური

67-ე წუთზე კრიშტიანომ შეძლო ბურთის საჯარიმოში შემობრუნება და დიოგო ჟოტამ ახლო მანძილიდან გაიტანა - 2:4. 

მომენტები ამის შემდეგაც იყო - გამოყოფთ რენატო სანშეშის შორეულ დარტყმას, რომელიც ძელმა მოიგერია.

TOP - რობინ გოზენსი (გერმანია)

ატალანტას 26 წლის მცველმა მარცხენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა და ბევრს პოდოლსკი გაახსენა. მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე პასია. ერთი გოლიც მას ვიდეორეფერიმ გაუუქმა.

FLOP - ბერნარდო სილვა (პორტუგალია)

ბერნარდო სილვა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ დიდ ტურნირებზე თამაში აშკარად არ გამოსდის. მწვრთნელმა ის პირველი ტაიმის შემდეგ მოხსნა მოედნიდან.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 კრიშტიანო რონალდომ გერმანიის ნაკრებს პირველად გაუტანა - მეხუთე მატჩში.

📌 კრიშტიანომ დიდ ტურნირებზე თავისი მე-19 გოლი გაიტანა და ევროპის რეკორდსმენ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.

📌 გერმანია ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც ტურნირზე ავტოგოლიც გაიტანა და ავტოგოლით იხეირა.

📌 პორტუგალია პირველი ნაკრებია, რომელმაც დიდ ტურნირებზე ერთ მატჩში 2 ავტოგოლი გაიტანა.

📌 კაი ჰავერტცი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში, ვინც ევროპის ჩემპიონატებში გოლი გაიტანა - 22 წლის და 8 დღის. 

📌 პორტუგალიის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე 4 გოლი მხოლოდ ორჯერ გაუშვა, ორჯერვე გერმანიისგან.

პორტუგალია 2:4 გერმანია

პორტუგალია (4-2-3-1): პატრისიო - სემედუ, რუბენ დიაში, პეპე, გერეირო - ვ. კარვალიო (58. რაფა სილვა), დანილო - ბერნარდო სილვა (46. სანშეში), ბრუნო ფერნანდეში (64. ჟოაო მოუტინიო), ჟოტა (83. ანდრე სილვა) - რონალდო

გერმანია (3-4-3): ნოიერი - გინტერი, ჰუმელსი (63. ჯანი), რიუდიგერი - კიმიხი, გიუნდოგანი (73. ზიულე), კროოსი, გოზენსი (62. ჰალსტენბერგი) - ჰავერტცი (73. გორეტცკა), გნაბრი (87. სანე), მიულერი

კომენტარები

ბოლო ამბები