Thumbnail
  • 📅 20 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ იტალია V უელსი | 📺 პირველი არხი
  • იტალიის ნაკრები 1/8-ფინალშია, მაგრამ ჯგუფში პირველობა სურს
  • უელსი პლეი ოფში შეიძლება, წაგების შემთხვევაშიც გავიდეს
  • ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ იტალია წინა ორ ტურში დიდებული იყო
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშზე უნდა იცოდეთ

ევრო 2020-ის მე-3 ტური A ჯგუფიდან დაიწყება - ჯგუფის ლიდერები იტალია და უელსი რომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "სკუადრა აძურას" მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო უელსი ძალიან ახლოსაა პლეი ოფთან, დიდი შანსია, წაგების შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან, მაგრამ თამაშს მაინც აქვს დიდი მნიშვნელობა - პირველი ადგილის ბედი ირკვევა.

რობერტო მანჩინის გუნდს პირველობისთვის ქულაც ჰყოფნის, ხოლო უელსელებს მხოლოდ მოგება აწყობთ. მიუხედავად ამისა, ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა შეიძლება პრიორიტეტული სულაც არ იყოს, პლეი ოფის ბადეს პრაგმატულად თუ შევხედავთ. საქმე ისაა, რომ A ჯგუფის პირველ ადგილოსანი მერვედფინალში უკრაინას ან ავსტრიას, 1/4-ფინალში სავარაუდოდ, ბელგიას, ხოლო 1/2-ფინალში პოტენციურად საფრანგეთს ან პორტუგალიას შეხვდება, რაც არცთუ ისე მიმზიდველი პერსპექტივაა. მეორეადგილოსანს კი მერვედფინალში რუსეთი, დანია ან ფინეთი ელოდება, მეოთხედფინალში კი ყველაზე ცუდ ვარიანტში, ნიდერლანდების ნაკრები. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმაზე მსჯელობა, რა უკეთესია - პირველი თუ მეორე ადგილი.

ამის მიუხედავად, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მატჩის წინ ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ მიზანი ჯგუფიდან 9 ქულით გასვლაა და პლეი ოფის ბადეზე არ ფიქრობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან იტალიას 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და, ცხადია, მისი დასრულება არ სურს. ამასთან, აპენინელებმა საწყის ორ ტურში დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს, ალბათ, ჯერჯერობით საუკეთესოც და ჯერ თურქეთი, მერე შვეიცარია ძალიან დაჯაბნეს. ორივეს 3:0 მოუგეს და, რაც მთავარია, თამაშით აჯობეს. იტალია მისთვის უჩვეულო შემტევ ფეხბურთს ქადაგებს.

ჟორჟინიო იტალიის ნაკრებში წინა მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

თუმცა, "სკუადრა აძურა" უელსთან მაინც გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან გრაფიკი მჭიდროა და ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ, მითუმეტეს, წინ პლეი ოფია და დიდი ალბათობით, მანჩინის როტაციისთვის პირველი და ბოლო შანსი აქვს. მოსალოდნელია, რომ ძირითადში ითამაშებს ფედერიკო კიეზა, რომელსაც ჯერ მხოლოდ შეცვლაზე მოუწია თამაში. ტრავმის გამო ჯორჯო კიელინი ვერ გავა მინდორზე და ასევე სავარაუდოა მარცხენა მცველის, ლეონარდო სპინაცოლას დასვენებაც, რომელიც წინა მატჩებში შეუდარებელი იყო. იტალიის ნაკრებს მარკო ვერატი დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. მანჩინიმ თქვა, რომ მას თამაში შეუძლია, მაგრამ ჯერ საუკეთესო კონდიციაში არ იმყოფება და ამიტომ, არ აქვს გადაწყვეტილი, ძირითადში ითამაშებს თუ მხოლოდ შეცვლაზე.

უელსის ნაკრებმა ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა. შვეიცარიასთან ფრის შემდეგ თურქეთის ნაკრებთან ძალიან მაგრად ითამაშა და 2:0 დაამარცხა, რითაც მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული. რობერტ პეიჯის გუნდში საკადრო პრობლემებიც არ არის და "დრაკონები" მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავლენ. კარგ ფორმაში არიან გუნდის ლიდერები - გარეთ ბეილი და აარონ რემზი. თურქეთთან ბეილმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 2 საგოლე პასი გააკეთა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა. რემზიმ კი თურქების წინააღმდეგ ანგარიში გახსნა. ის იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს კარგად იცნობს, ბოლო ორი სეზონი იუვენტუსში გაატარა.

გარეთ ბეილზე უელსის ნაკრებში ბევრი რამაა დამოკიდებული

"ეს იქნება მესამე თამაში ბოლო 10 დღეში და ეს ძნელია. გვყავს დაღლილი ფეხბურთელებიც და მათ დასვენება სჭირდება, ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როცა შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთება და როტაცია შესაძლებელია. ვერატის თამაში შეუძლია. ცხადია, მისი ფორმა არც ისე ოპტიმალურია, მისი ტექნიკური თვისებების გამოყენება შეიძლება და სათამაშოდ მზადაა, თუმცა ჯერ არ ვიცი იქნება თუ არა ძირითადში. კიეზას შეტევაში ცენტრფორვარდის გარდა, ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. შვეიცარიასთან ცოტა განსხვავებულ ასპექტში გამოვიყენეთ, მაგრამ მისი ფუნქცია განსხვავებულია და ფლანგის ფეხბურთელია. გუნდს ვთხოვ, რომ ისე ითამაშოს, როგორც აქამდე ვთამაშობდით. უნდა შევუტიოთ, რადგან მნიშვნელოვანი მატჩია. გვინდა მოვიგოთ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, თუმცა ადვილი მატჩი არ იქნება", - თქვა რობერტო მანჩინიმ თამაშამდე.

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალია და უელსი ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ და ფრე არცერთხელ დაფიქსირებულა. 7 მატჩი "აძურამ" მოიგო, 2 - "დრაკონებმა". ეს იქნება პირველი თამაში ამ ნაკრებებს შორის დიდ საფეხბურთო ტურნირზე (ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატზე).

⚽ იტალიასა და უელსს შორის იტალიაში ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 11 გოლი გავიდა და ყველა იტალიელებმა გაიტანეს (3 მოგება).

⚽ ბოლოს ისინი ერთმანეთს 18 წლის წინ შეხვდნენ. 2003 წლის სექტემბერში, ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე მილანში ჯოვანი ტრაპატონის იტალიამ ფილიპო ინძაგის ჰეთ-თრიქით და ალესანდრო დელ პიეროს გოლით 4:0 მოიგო.

⚽ 2018 წლის სექტემბერში პორტუგალიასთან 0:1 წაგების შემდეგ იტალია ბოლო 29 მატჩია დაუმარცხებელია (24 მოგება, 5 ფრე). "სკუადრა აძურას" ისტორიაში ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია 1935 წლიდან 1939 წლის ივლისამდე ჰქონდა (30).

⚽ უელსმა დიდ ტურნირებზე ორჯერ ითამაშა და ორჯერვე გავიდა ჯგუფიდან - 1958 წლის მუნდიალზე და ევრო 2016-ზე. მათ ახლაც დიდი შანსი აქვთ პლეი ოფში გავიდნენ.

⚽ იტალიას დიდ ტურნირებზე ჯგუფის სამივე თამაში ისტორიაში მხოლოდ 3-ჯერ მოუგია: 1978 და 1990 წლის მუნდიალებზე და ევრო 2000-ზე. ახლა მანჩინის გუნდს შანსი აქვს იგივე მეოთხედ გააკეთოს.

⚽ იტალიამ ბოლო 10 თამაშში გოლი არ გაუშვა და 31 გოლი გაიტანა. "აძურას" საკუთარი კარი მშრალად ზედიზედ 965 წუთის განმავლობაში აქვს შენახული.

⚽ იტალია გოლს თუ არ გაუშვებს, ჯანლუიჯი დონარუმა გახდება ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამ მატჩში კარს მშრალად შეინახავს (22 წლის და 115 დღის). გარდა ამისა, მეორე მეკარე, რომელიც სამ მშრალ თამაშს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატზე თავის საწყის სამ თამაშში - ეს ჯერჯერობით, მხოლოდ გერმანელ ანდრეას კიოპკეს აქვს გაკეთებული.

⚽ დომენიკო ბერარდიმ იტალიის ნაკრების ბოლო ექვს მატჩში ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი, 1 საგოლე პასი.

⚽ თურქეთთან ბოლო მატჩში გარეთ ბეილი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის თამაშში ხუთი აშკარა საგოლე შანსი შექმნა 1980 წლის შემდეგ (იქედან მოყოლებული, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან).

⚽ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მატჩში ორ გოლზე მეტი არასდროს ჰქონდა გატანილი ამ ჩემპიონატამდე, მაგრამ მიმდინარე ევროზე ეს ზედიზედ ორჯერ გააკეთა.

⚽ იტალიის ნაკრების ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და თან ორივე გუნდს არ გაუტანია.

⚽ უელსის ბოლო ხუთ მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და მხოლოდ ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ იტალიისა და უელსის ურთიერთშეხვედრებში (მატჩი ჯამში) 6-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, აჩერბი, ემერსონი - კრისტანტე, ჟორჟინიო, ლოკატელი - ბერარდი, ბელოტი, კიეზა
ტრავმა: კიელინი

უელსი (4-2-3-1): უორდი - რობერტსი, როდონი, მეფჰემი, დევისი - ალენი, მორელი - ბეილი, რემზი, ჯეიმსი - მური

კომენტარები

ბოლო ამბები