Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურში დინამო ბათუმმა გორის დილას უმასპინძლა და გიორგი ფანცულაიას დუბლით 2:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, გია გეგუჩაძემ და ანდრეი დემჩენკომ თამაში შეაფასეს.

ბათუმელთა დამრიგებლის თქმით, მათ კარგად გამოიყენეს მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომები და დამსახურებულად მოიგეს, ხოლო გორელთა უკრაინელმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მისი გუნდის მიერ დაშვებულ ბევრ სერიოზულ შეცდომას, რამაც შედეგზე გავლენა იქონია.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "შეიძლება ითქვას, რომ თამაშის სადავეები ხელში გვქონდა. იყო რაღაც მომენტები, როცა მეტოქეს სივრცეს ვუტოვებდით და შეიძლებოდა ხიფათი წამოსულიყო. თუმცა, მთლიანობაში თამაშს თუ შევაფასებთ, ჩანდა კიდეც, რომ ვაკონტროლებდით მის მსვლელობას და საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ მათი შეცდომები. ამიტომ, ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე ლაპარაკი მგონი ზედმეტია, რადგან, რაც ჩვენს სტადიონზე ხდება, საოცრებაა და ყველა აღფრთოვანებულია, წაგებულიც და მოგებულიც".

ანდრეი დემჩენკო (დილას მთავარი მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო თამაში იყო ორივე გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის. ვფიქრობ, ქომაგებს თამაში მოეწონათ. სამწუხაროა, რომ დასანანი შეცდომები დავუშვით, რომლითაც „დინამო ბათუმმა“ ისარგებლა. ჩვენ არ გვაქვს ისეთი რესურსი, როგორიც „დინამო ბათუმს“. ბევრი ტრავმირებული გვყავს და 13-14 ფეხბურთელით გვიწევს თამაში. გუნდის გასაძლიერებლად რესურსი არ გვქონდა, რადგან სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ და ისეთი პოზიციის მოთამაშეები, რომლებიც შეტევას ვერ გააძლიერებდნენ. ჩვენთვის დღევანდელი თამაში რთული იყო და სწორედ ამიტომ დასანანია, რომ შეცდომები დავუშვით. თანამედროვე, ევროპული ფეხბურთის თამაში გვსურს, გვინდა, რომ მეტოქეების არ გვეშინოდეს. ვიცით ჩვენი შეცდომები და სუსტი მხარეები. ამიტომ. ბუნებრივია, რომ ევროთასებისთვის გაძლიერება გვსურს".

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და დინამო თბილისს 3 ქულით გაასწრო, მაგრამ ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, გორის დილამ კი ბოლო 6 ტურში მე-4 მარცხი განიცადა და 26 ქულით მე-5 პოზიციაზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, ქუთაისში ტორპედოსთან გამართავს, ხოლო გორის დილა ამავე დღეს ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები