Thumbnail
  • 📅 19 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ პორტუგალია V გერმანია | 📺 1 არხი
  • გერმანიის ნაკრებს ქულების დაკრგვის უფლება აღარ აქვს
  • ლიოვმა შეიძლება ძირითადი შემადგენლობა შეცვალოს
  • კრიშტიანო რონალდოს ბუნდესგუნდისთვის გოლი არასდროს გაუტანია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

გერმანიის ნაკრები უკვე წნეხის ქვეშაა!

მართალია, ბუნდესგუნდმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში მთავარ ფავორიტ საფრანგეთთან ცუდად არ ითამაშა, მაგრამ მატს ჰუმელსის ავტოგოლით თამაში მაინც წააგო და მეორე ტურში ქულები ჰაერივით სჭირდება. არადა, იოახიმ ლიოვის გუნდს ისევ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს - კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია, რომელმაც პირველ ტურში უნგრეთი 3:0 დაამარცხა და მშვიდადაა.

გერმანელებისთვის კარგი ის არის, რომ ამ შეხვედრასაც სახლში, მიუნხენის არენაზე ჩაატარებენ. საინტერესოა, რომ კრიშტიანო რონალდომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა, გოლი კი ბუნდესგუნდის კარში არ გაუტანია - მიუხედავად იმისა, რომ  360 წუთში კარისკენ 23-ჯერ დაარტყა.

გერმანული მედია წერს, რომ შესაძლოა, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ძირითადი შემადგენლობა შეცვალოს. საფრანგეთთან კაი ჰავერტცმა არცისე კარგად ითამაშა და დიდი შანსია, ‘იოგიმ’ პორტუგალიასთან ტიმო ვერნერს, ან ლეროი სანეს მისცეს შანსი. გამოჯანმრთელდა ლეონ გორეტცკაც და გამორიცხული არ არის, რომ ძირითადში ტონი კროოსის, ან ილქაი გიუნდოგანის ადგილი დაიკავოს.

აი, პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. მართალია, ჟოაო ფელიქსის და ანდრე სილვას სახით პორტუგალიას სათადარიგოთა სკამზე კარგი ვარსკვლავები ჰყავს, მაგრამ ლოგიკურად, ფერნანდუ სანტუში სასტარტო თერთმეტეულს არ შეცვლის. დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრები ისევ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს, რომელშიც წინა ხაზზე რონალდო იქნება, მის უკან კი ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში და დიოგო ჟოტა იმოქმედებენ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დუელი დიდ ტურნირებზე შედგა. გერმანიამ მხოლოდ 2000 წელს ვერ მოიგო - 0:3 ევროპის ჩემპიონატზე. 2006 წელს ბუნდესგუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში 3:1 გაიმარჯვა, 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 3:2, ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე 1:0 და 2014 წლის მუნდიალზე (ასევე ჯგუფში) 4:0.

⚽ გერმანია და პორტუგალია ერთმანეთს სულ 18-ჯერ შეხვდნენ. გერმანიამ 10 თამაში მოიგო, 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამჯერ პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს.

⚽ ევროპის ჩემპიონატებზე პორტუგალიის ნაკრებს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თუმცა აქ ჩათვლილია 2012 წელს, ესპანეთთან პენალტების სერიაში მარცხი, რაც სტატისტიკურად ფრედ ითვლება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია ბოლოს სწორედ გერმანიასთან დამარცხდა - 2012 წლის ევროს პირველ ტურში, 0:1.

⚽ გერმანიის ნაკრები ფინალურ ეტაპზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ ორჯერ შეხვდა: ბუნდესგუნდმა 1980 წელს ჩეხოსლოვაკია 1:0 დაამარცხა, 1992 წელს კი ჰოლანდიასთან 1:3 დამარცხდა.

⚽ იოახიმ ლიოვი პირველი მწვრთნელია, რომელიც ამ რანგში კონტინენტის 4 პირველობაზე იყო. 3-3-ჯერ იყვნენ ფერნანდუ სანტუში (საბერძნეთი, პორტუგალია) და ფათიჰ თერიმი (თურქეთი).

⚽ მანუელ ნოიერს, ტონი კროოსს, თომას მიულერს და მატს ჰუმელსს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი სწორედ პორტუგალიასთან ჰქონდათ - 2012 წლის 9 ივნისს. ის თამაში გერმანელებმა 1:0 მოიგეს და ჰუმელსი მოედანზე საუკეთესო იყო (კიკერის შეფასებით).

⚽ პორტუგალიის ნაკრებს აქამდე მიუნხენში მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს 2006 წლის 5 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მოხდა, როცა პორტუგალიელები ფრანგებთან 0:1 დამარცხდნენ.

⚽ მიუნხენში ჩატარებულ წინა ორ მატჩში გერმანიამ გოლი ვერ გაიტანა (ორივეჯერ საფრანგეთთან - 0:1 ახლახან და 0:0 ერთა ლიგის მატჩში). არსებობს მხოლოდ ერთი სტადიონი, რომელზეც გერმანიამ ზედიზედ სამ მატჩში ვერ გაიტანა - ეს არის სტოკჰოლმის ოლიმპიური არენა, სადაც გერმანელები 1925 წლის 21 ივნისს 0:1 დამარცხდნენ, 1928 წლის 30 სექტემბერს 0:2 წააგეს და 1931 წლის 17 ივნისს 0:0 ითამაშეს. მიხვდებოდით: სამივე შემთხვევაში შვედეთის ნაკრებთან.

⚽ კრიშტიანო რონალდოს გერმანიის ნაკრების კარში გოლი არ აქვს გატანილი (4 მატჩში). მას მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებთან აქვს უარესი სერია - არცერთი გოლი 6 მატჩში.

⚽ პორტუგალიელ ანდრე სილვას ბუნდესლიგის 57 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მანუელ ნოიერის კარში აქამდე არასდროს გაუტანია.

⚽ კრიშტიანო რონალდომ პირველ მატჩში დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატებზე უკვე 11 გოლი აქვს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

⚽ 2014 წლის მუნდიალზე თომას მიულერმა პორტუგალიას ჰეთთრიკი შეუსრულა (4:0).

⚽ პორტუგალიის ნაკრებმა თავისი ბოლო 8 გოლიდან 6 მატჩის ბოლო 10 წუთში გაიტანა. ახლაც, პორტუგალიელებმა პირველ ტურში უნგრეთს 3:0 მოუგეს და სამივე გოლი ბოლო 10 წუთში გაიტანეს.

⚽ პორტუგალია გერმანიას საშუალოდ თამაშში 1,2 გოლს უტანს, გერმანია პორტუგალიას კი - საშუალოდ 2,2 გოლს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 17 გოლი გავიდა (საშუალოდ 3,4 გოლი თამაშში).

⚽ გერმანიის ნაკრებმა ბოლოს დიდ ტურნირზე 3 ან მეტი გოლი სწორედ პორტუგალიისგან მიიღო - ევრო 2000-ზე 0:3 დამარცხდა და სამივე გოლი სერჟიო კონსეისაომ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია (4-2-3-1): რუი პატრისიო - ნელსონ სემედუ, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო - ვილიამ კარვალიო, დანილო პერეირა - ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, დიოგო ჟოტა - რონალდო.

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - გინტერი, ჰუმელსი, რიუდიგერი - კიმიხი, გიუნდოგანი (ან გორეტცკა), კროოსი, გოზენსი - ჰავერტცი, მიულერი - გნაბრი.

კომენტარები

ბოლო ამბები