Thumbnail

ფანცულაიას დუბლი - დინამო ბათუმმა მეორე წრე პირველ ადგილზე დააასრულა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრე დინამო ბათუმმა გამარჯვებით დაასრულა. მე-18 ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა გორის დილას უმასპინძლა და პირველ წრეში, გორში განცდილი მარცხისთვის (1:2) სრულფასოვანი რევანში აიღო.

ბათუმელებმა უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს, როდესაც გორელებს 2 ბურთი გაუტანეს. 22-ე წუთზე დილას გამოცდილმა მცველმა დავით მაისაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა, თავის საჯარიმოში ბურთი ჯაბა ჯიღაურს ჩააბარა, რომელმაც გიორგი ფანცულაიას ცარიელ კარში გაატანინა და ანგარიში გაიხსნა.

მასპინძლებმა უპირატესობა მე-40 წუთზე გაზარდეს. ამჯერად, კომბინაცია ძალიან ეფექტური იყო. თორნიკე გაფრინდაშვილმა და ბენჟამინ ტეიდიმ ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და დილას დაცვის ხაზში დიდი სივრცე გაჩნდა, სადაც ფანცულაია გაიხსნა, პასიც დროულად მიაწოდეს და გიორგიმ დუბლი უპრობლემოდ შეასრულა. მას მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში დილა უშანსოდ არ ყოფილა და ბათუმელთა კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ რიგ მომენტებში ლაზარე კუპატაძე იყო შესანიშნავი, ხოლო რამდენიმე მომენტში გორელ შემტევებს სიზუსტე დააკლდათ და გამოუყენებელი მომენტების გამო დაისაჯნენ კიდეც.

მე-2 ტაიმმა საკმაოდ მშვიდად და ნელ ტემპში ჩაიარა. გორის დილამ ვეღარ მოახერხა თამაშში დაბრუნება და სიტუაციის დაძაბვა, ხოლო ბათუმელებმა ძალები დაზოგეს და თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს. ამის მიუხედავად, შეხვედრის მიწურულს ზღვისპირელებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ რომ ეთამაშათ, სხვაობა გაიზრდებოდა. გოლის გატანასთან ახლოს გიორგი ზარია და ვამარა სანოგო იყვნენ, მაგრამ ლუკა გუგეშაშვილი დამაჯერებლად თამაშობდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და დინამო თბილისს 3 ქულით გაასწრო, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, გორის დილამ კი ბოლო 6 ტურში მე-4 მარცხი განიცადა და 26 ქულით მე-5 პოზიციაზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, ქუთაისში ტორპედოსთან გამართავს, ხოლო გორის დილა ამავე დღეს ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 2:0 დილა

გოლები: 1:0 ფანცულაია (22), 2:0 ფანცულაია (40)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი - გაფრინდაშვილი (76. შინდაგორიძე), ჯიღაური (72. ზარია), გროცურეკი (71. მანჯგალაძე) - ფანცულაია (65. სანოგო)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი - ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი, ვანდერსონი (84. ნემსაძე) - მოსიაშვილი (57. ნონდი), ბიძინაშვილი, ალეფ სანტოსი - ღუდუშაური, კაპანაძე (84. მადინგა), კამარა

კომენტარები

ბოლო ამბები