Thumbnail

კრისტიან ერიკსენი: რუსეთთან ბიჭებს, რა თქმა უნდა, მაგრად ვუქომაგებ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კოპენჰაგენიდან გავრცელებულ კარგ ამბავს იმის შესახებ, რომ კრისტიან ერიკსენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დანიის ნაკრების ლიდერი უკვე კლინიკიდანაც გაწერეს, მალევე 29 წლის ფეხბურთელის კომენტარიც მოჰყვა.

“დიდი მადლობა ყველას უამრავი შეტყობინებისთვის. ყოველი მათგანის წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო. მინდა გითხრათ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ახლა თავს, გარემოებების გათვალისწინებით, ნამდვილად კარგად ვგრძნობ, - ვკითხულობთ ერიკსენის განცხადებაში, რომელიც დანიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ ფეხბურთელი პირდაპირ ნაკრებთან მივიდა და თანაგუნდელები მოინახულა. ერიკსენი: “ძალიან მაგარი იყო ბიჭების ნახვა. ალბათ ამის თქმა საჭირო აღარცაა, მაგრამ მაინც: ორშაბათს, რუსეთთან მატჩში ჩემს გუნდს მაგრად ვუქომაგებ!”

დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ვკითხულობთ: “კრისტიან ერიკსენის ოპერაცია წარმატებულია. დღეს ის კლინიკიდან გაწერეს, რის შემდეგაც დანიის ნაკრები მოინახულა. ერიკსენი ახლა სახლში წავა და ოჯახთან ერთად იქნება.”

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი დანიისა და ფინეთის ნაკრები გუნდების მატჩის დროს უგონოდ დაეცა და გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. 29 წლის ფეხბურთელს გულში იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი (ICD) ჩაუდგეს, რათა ორგანოს მუშაობა დარეგულირდეს.

კლინიკიდან გაწერით ერიკსენის დრამატული ამბავი კარგად დამთავრდა.

კომენტარები

ბოლო ამბები